Saturday, November 22, 2014

მერი შელი- ფრანკენშტაინი (მიმოხილვა)


ავტორი: გიორგი წერეთელი

მსოფლიო ლიტერატურის ხანგრძილივი ისტორიის განმავლობაში, ხელოვნების თითქმის ყველა მიმდინარეობაში იქმნებოდა მხატვრული შედევრები, რომლებიც ბრწყინვალედ ასახავდა იმ ეპოქის მსოფმხედველობას, იდეოლოგიას, მრწამსს, მორალისა და ეთიკის კრიტერიუმებს, რომლითაც სულდგმულობდა კონკრეტულ ეპოქაში მცხოვრები ინტელიგენცია( და ჩვეულებრივი ადამიანებიც). უძველესი ლიტერატურის წიაღში დაიბადა ჰომეროსი, ვერგილიუსი,  შუა საუკუნეებმა დასაბამი მისცა ბრწყინვალე რაინდულ ეპოსებს, რენესანსმა აწ უკვე მოძველებული იდეოლოგიები დაანგრია და გადატრიალება მოახდინა ლიტერატურაში დანტესა და ბოკაჩოს სახით, ბაროკომ სავსებით ახალი სტილის მხატვრებსა და სკულპტურისტებს დაუდო საფუძველი(სამწუხაროდ მკვეთრად გამოკვეთილ ღირებულ ლიტერატურას ამ ეპოქაში არ ვხვდებით), ხოლო ამის შემდეგ კი ხელოვნებაში გაჩნდა კიდევ ერთი ახალი მიმდინარეობა, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობ მოდერნიზმსს. ეს მიმდინარეობა გახლდათ რომანტიზმი. რომანტიზმი ძალიან საინტერესო შეხედულებებს აერთიანებდა თავის თავში. მისთვის პრიორიტეტული იყო ადამიანის წარმოსახვის უნარი და ის გრძნობები, რომლითაც ის აღიქვამდა გარესამყაროს. რომანტიზმისთვის წარმოსახვის უნარის განვითარება უმნიშნველოვანეში თვისება გახლდათ, რადგან ის რეალობა, რომელშიც უწევდა ცხოვრება ამ მიმდინარეობაში მოღვაწე ხელოვანს, ხშირად მიუღებელი და არაფრისმომცემი გახლდათ. სწორედ ამიტომ ჩვენ ხშირად ვხვდებით რომანტიკოსთა ნააზრებში წარსულის ან მომავლის ტრფობას, მათ განდიდებას. წარსულის ,,მოყვარულ“ ხელოვანებს იმ პერიოდში ხშირად პასიურ რომანტიზმსს აკუთნებდნენ, რომელიც მოიცავდა უდიდეს მწუხარებას, ნიჰილიზმსა და მელანქოლიას, ხოლო იმ ხელოვანებს, რომლებიც იმედს მომავალზე ამყარებდნენ, აქტიური რომანტიზმის წარმომადგენლებად თვლიან. ეს უკანასკნელი კი უფრო ოპტიმისტური იდეებითაა განმსჭვალული და შესაბამისად ამ ტიპის ნაწარმოებები უფრო მსუბუქი საკითხავიცაა.
ბევრს აღარ ვილაპარაკებ რომანტიზმის ზოგად სახეზე და გადავალ მის კონკრეტულ მახასიათებლებზე ამ მიმდინარეობაშივე კლასიკად ქცეულ ნაწარმოებ ,,ფრანკენშტაინზე“. ეს ნაწარმოები, გარდა იმისა, რომ აერთიანებს რომანტიზმის მახასიათებლებს, ცხადად მოიცავს სხვა უფრო საინტერესო იდეებსა და შეხედულებებს. კერძოდ, ამ წიგნში არსებული ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა ადამიანი, როგორც შემოქმედი; ადამიანი, როგორც ,,გაამპარტავნებული“ არსება, რომელიც თავისი ცოდნით(რომელიც დამღუპველი აღმოჩნდება და ამაზე ცალკე ვისაუბრებთ) მთავარ შემოქმედს, ღმერთს დაუპირისპირდება. ამათ გარდა წიგნში კარგად არის წარმოდგენილი სხვა აქტუალური თემები, როგორიცაა საზოგადოება და მის მიერ განწირული, გარიყული პიროვნება. ჩვენ ვნახავთ თუ რა ბედი შეიძლება ეწიოს ამგვარი განაჩენის მქონე ადამიანს.
პირველ რიგში, დავიწყებ იმ უშუალო შეხედულებებით, რომლებიც ცხადად მეტყველებენ ამ წიგნის რომანტისტულ სახეზე. როგორც ზემოთ ვახსენე, რომანტიკოსი ადამიანი ვერ ეგუება აწმყოს, ის გამუდმებით ცდილობს მკაცრ რეალობას გაექცეს თავის წარმოსახვებში. იგი თვლის რომ მარტო, ობლადაა დარჩენილი ამ წუთისოფელში და ამ დარდის გაქარვების საუკეთესო საშუალებად ბუნების წიაღში გასვლა მიაჩნია. ბუნება რომანტიზმში უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ის არის ერთვარი ნუგეში ეულად დარჩენილი პიროვნებისა. თუ გავიხსენებთ ქართველი რომანტიკოსის, ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსს ,,ფიქრნი მტკვირს პირას“, დასაწყისში პოეტი სწორედ ბუნების წიაღში გადის მწუხარების გასაქარვებლად. აი რას წერს იგი:
      ,,წარვედ წყალის პირს სევდიანი ფიქრთ გასართველად,
        აქ ვეძიებდი ნაცნობ ადგილს განსასვენებლად
        აქ ლბილ მდელოზედ სანუგეშო ვინამე ცრემლით
        აქა ყოველი არემარე იყო მოწყენით...“
ასეთივე შემთხვევას ვაწყდებით ,,ფრანკენშტაინში“, სადაც მწერალი ბუნებაში სეირნობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, რათა არ დაუბრუნდეს იმ გულისამრევ რეალობას, რომელშიც ცხოვრება უწევს. ამის დასტურია შემდეგი სიტყვები : ,, ბუნებაში ყოველგვარი დიდებულისა და ძლიერის ხილვა ყოველთვის სადღესასწაულოდ განმაწყობდა და მაიძულებდა დამევიწყებინა წარმავალი წუთისოფლის ყოველდღიური საზრუნავი.“ ფაქტია რომ ბუნებაში გასვლა რომანტიკოს ადამიანს ახალი ძალითა და ენერგიით ავსებდა, ერთგვარი ელექსირით, რომელიც აძლებინებდა ამ წარმავალ წუთისოფელში ყოფა-ცხოვრებას.
მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ამ ნაწარმოებში გამოკვეთილ რომანტიკულ ბუნებაზე მეტყველებს, არის აწმყოსადმი ნდობის დაკარგვა და წარსულისადმი ტრფობა. აშკარაა, რომ ეს ნაწარმოები პასიურ რომანტიზმსს ეკუთვნის, ამიტომაცაა, რომ მთელი წიგნის განმავლობაში მკითხველი გამუდმებით მელანქოლიასა და ნიჰილიზმსს აწყდება. ნაწარმოებში ფაქტობრივად მომავლის მცირედი იმედიც კი დაკარგულია. ერთადერთი, რაც აძლებინებს მწერალს ცხოვრებას(ბუნებაში გასვლის გარდა), არის წარსულის ტკბილი მოგონებები. ამაზე მეტყველებს შემდეგი სიტყვები: ,, სიამოვნებას მანიჭებს ბავშვობის მოგონებები, ეს ხომ ის დრო იყო, სანამ უბედურება დამიბნებლებდა გონებას, დაამსხვერვდა ჩემს ნათელ ოცნებებს.“ როგორც ხედავთ, პასიურ რომანტიზმში ნამდვილად რთულადაა საქმე. ამხელა დეპრესიას, ამხელა მწუხარებას არცერთ სხვა მიმდინარეობაში არ ვხვდებით. ამ მელანქოლიამ განაპირობა რწმენის დაკარგვა ყველა მატერიალური და არამატერიალური ცნებების მიმართ, ასეთმა ტიპის ადამიანმა დაუშვა ის აზრიც, რომ ქვეყნად არ არსებობს ისეთი ადამიანი, ვისთვისაც გულის გადაშლა არის შესაძლებელი ანუ არ არსებობს მისთვის მეგობარი. ასეთი ტიპის შეხედულებაც იკვეთება ამ წიგნში, როდესაც დოქტორი ფრანკენშტაინი იძახის: ,, მე მართლაც მწვავედ განვიცდი უმეგობრობას. გვერდით არ მიდგას, გონიერი მხნე და ამავე დროს მგრძნობიარე, უმწიკვლო სულის ადმაიანი, რომელიც გაიზიარებდა ჩემს გულისტკივილს.“
მოდით ახლა გვერდით გადავდოთ ამ წიგნში არსებული რომანტიკული იდეები და ვისაუბროთ სხვა მნიშვნელოვან შეხედულებებზე, რომლის გამოც ვფიქრობ, რომ ეს ნაწარმოები ღირებულია. თუ კარგად დავაკვირდებით, ძალიან ბევრ მოვლენასთან შევძლებთ პარალელის გავლებას წმინდა წერილთან. მაგალითად ერთ-ერთი საინტერესო პერსონაჟი, რომელიც ბევრ ადამიანს მხედველობის არედან უვარდება, არის ბოფორი, დოქტორი ფრანკენშტაინის მამის მეგობარი, რომლის ისტორია ძალიან საინტერესოა. ის ერთი მდიდარი სოვდაგარი იყო, რომელიც გაღარიბების შემდეგ სახლ კარს გაყიდის და ფულს უბრალოდ გაფლანგავს, იმის იმედით, რომ სამსახურის დაწყება არ გაუჭირდება. თუმცა რა თქმა უნდა, თავისი გეგმები ჩაეშლება და უაღრესად დეპრესირებული ლოგინად ჩავარდება. ეს ძალიან საინტერესო ფაქტია, რომელიც საშუალებას გვაძლევს გავავლოთ პარალელი ახალ აღთქმასთან, სადაც უფალი ამბობს: ,,ვისაც გაქვთ მოგეცემათ, ვისაც არ გაქვთ- წაგერთმევათ“.
შეიძლება თავიდან გაიკვირვოს ადამიანმა, როგორ ან რა უნდა წაერთვას მას, ვისაც არ აქვს. ამის ნათელ მაგალთად ბოფორი შეგვიძლია წარმოვიდგინოთ. ბოფორმა ვერ შეძლო იმ ნიჭის შენარჩუნება, რაც გააჩნდა, მას აქ ჰქონდა იმის ნებისყოფა, რომ გაემრავლებინა მოცემული ტალანტი და შესაბამისად ისიც წაერთვა რაც ჰქონდა, ვგულისხმობ იმ ფიზიკურ ძალას, ჯანმრთელობას, რომლის სწორად გამოყენების შემთხვევაში ის შეძლებდა ,,ტალანტის გამრავლებას“.
ბიბლიური პარალელები ვახსენე და ვფიქრობ, დროა გადავიდე იმ უმნიშვნელოვანეს საკითხზე, რომელზეც არის საუბარი წიგნში და რომელიც უშუალო პარალელია ძველი აღთქმის ,,შესაქმეს“ თავთან, კერძოდ ადამიანის შექმნასთან. ეს საკმაოდ სერიოზული თემაა და შესაბამისად რამდენიმე ფრაგმენტად დაყოფა მოგვიწევს(შესაძლოა არაქრონოლოგიურადაც გამოვიდეს, რათა უფრო გავამარტივო ჩემი სათქმელი). დავიწყებ იმ ფაქტით, რომ ნაწარმოებში წამოჭრილია ცოდნისა და მასთან დაკავშირებული პრობლემები. კერძოდ, რა შედეგებამდე შეგვიძლია მიგვიყვანოს ცოდნის არარაციონალურად გამოყენებამ და უფრო მეტიც, ცნობისმოყვარეობის მიერ ადამიანის კონტროლმა. სწორედ ამ პრობლემებს ეხმიანება დოქტორი ფრანკენშტაინის მოუთოკავი ცნობისმოყვარეობის მიერ იმ მონსტრის შექმნა, რომელიც საბოლოოდ ჩვენი მეცნიერის კოშმარად და სიკვდილსი მიზეზად იქცევა. ფრანკენშტაინი ძალიან საინტერესო სიტყვებს იძახის: ,, მინდა ჩემმა საკუთარმა მაგალითმა გიჩვენოთ თუ რაოდენ საშიშროებას მოიცავს ცოდნა. ის ადამიანი, ვისთვისაც სამყარო მშობლიური ქალაქით იფარგლება, ბევრად უფრო ბედნიერია იმ პიროვნებაზე, ვისაც სურს აღზევდეს და გადალახოს ბუნების მიერ დაკანონებული საზღვრები.“ მან ძალიან კარგად უწყოდა რომ იმ ზღვრების გადალახვა, რომელიც ღმერთის(ბუნების) მიერ არის დაწესებული, ან უცილობლად სიკვდილამდე მიგვიყვანს , ან უბრალოდ ჭკუიდან შეშლის ადამიანს. თუმცა ამ ყველაფრის შესახებ მან, სამწუხაროდ, მხოლოდ უშუალოდ ამ ბალანსის დარღვევის შემდეგ გაიგო, როდესაც უკვე შეუქცევადი პროცესები იყო წასული. ის სამწუხაროდ გვიანღა მიხვდა რომ ადამიანმა უნდა აკონტროლოს, მოთოკოს ცნობისმოყვარეობის უსაზღვრო სურვილი და არა პირიქით- ცნობისმოყვარეობამ ადამიანი.
დასაწყისში მე ვახსენე ადამიანის მიერ შემოქმედთან დაპირისპირება და ახლა სწორედ ეს აზრი მინდა განვავრცო. ცხადია, ამ დაპირისპირებაში არ იგულისხმება ფიზიკური მეტოქეობა, ეს არის ტიპური იდეური ჯახი, როდესაც ადამიანი ცდილობს თავისივე შემქმნელზე დიადი აღმოჩნდეს. შეიძლება ბევრი არ დამეთანხმოს, თუმცა ვფიქრობ, რომ ფრანკენშტაინის მიერ ადამიანის (რომელიც შემდეგ მონსტი აღმოჩნდება) შექმნა იყო ერთგვარი გამოწვევა ღმერთისა. მან მოინდომა ანალოგიური საქმის ჩადენა, რაც თავის დროზ შემოქმედმა(ღმერთმა) გააკეთა, თუმცა მისი ეს წამოწყება იყო ძირშივე მცდარი, რადგან ამას გამოწვევის სახე ჰქონდა უკვე მიცემული. ამ ბრძოლაში , როგორც მოგეხსნებათ, ჩვენი მეცნიერი მარცხდება, რადგან მან ვერ შესძლო იმ მასშტაბების შემოქმედებითი უნარების განვითარება, როგორიც ღმერთს გააჩნდა ადამიანის შექმნისას. აქ მართებული იქნება გავიხსენოთ ძველ აღთქმაში იაკობისა და ღმერთის შერკინება, სადაც იაკობი ,ბუნებრივია, მარცხდება და ღმერთი ამ დამარცხების ნიშანსაც ასვამს მას(ფეხის მოტეხვა, აქაც არ უნდა ვიგულისხმოთ ეს ფაქტი ფიზიკურ ასპექტში). ფრანკენშტეინის დამარცხების დაღი კი იყო მისი შექმნილი არსების ,,მონსტრულობა“ და ის სინდისის ქეჯნა, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვა თან. აქ ვფიქრობ, იკვეთება თავისუფალი ნების მომენტიც, კერძოდ რას ნიშნავს თავისუფალი ნების არსებობა ადამიანში და არის თუ არა ის დიდი წყალობასთან ერთად დიდი გამოცდაც?  ჩვენ ვიცით, რომ ადამიანს გააჩნია უსაზღვრო სურვილი, ნება, თუმცა ნების ფენომენის საშიშროებაზე ძალიან კარგად წერს პავლე მოციქული კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში: ,,ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო როდია; ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი როდი აშენებს.“ ამრიგად ნების თავისუფლება არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ის მოქმედება,  რომლის გაკეთების საშუალებას იძლევა თავისუფალი ნება სასარგებლოა და ყოველთვის კარგ შედეგს გამოიღებს.
საინტერესოა განვიხილოთ თვითონ ფრანკენშტაინის მიერ შექმნილი მონსტრის ფენომენი, რომელიც თავის თავში ძლიერ მარგინალიზაციასაც გულისხმობს. ნაწარმოებს დასაწყისში ეპიგრაფად უძევს შემდეგი ფრაზა: ,,განა ოდესმე მითხოვნია შენთვის უფალო, რომ თიხისაგან შემქმენ მეთქი ადამიანად?“ აქ ეს ფრაზა ზუსტად მიესადაგება იმ მონსტრის იდეოლოგიას, რომელზეც ახლა უნდა ვისაუბროთ. ეს მონსტრი(სახელი არ აქვს და ხშირად X სიმბოლოთი მოვიხსენიებ) მიუხედავად იმისა, რომ ბევრ საშინელ მკვლელობას სჩადის, უაღრესად ტრაგიკული პიროვნებაა. ნაწარმოებიდან ჩანს, რომ ის არ იყო ისეთი ბოროტი თავდაპირველად, როგორიც შემდგომ ადამიანთა გამო გახდა. ის იყო ადამიანთა მოდგმის სისუსტეების მსხვერპლი, რომელიც ვერავინ ვერ აიტანა, მოიძულეს. ყველაზე გულდასაწყვეტი ისაა, რომ X თავად შემქმელმაც, ფრანკენშტაინამც შეიძულა და ბედის ანაბარა მიატოვა. წარმოუდგენელია მონსტრმა მკითხველში სიბრარული არ გამოიწვიოს, რადგან ხშირად ძალიან ამაღელვებელ სიტყვებს ლაპარაკობს: ,, გახსოვდეს მე შენი ქმნილება ვარ. მე შენი ადამი უნდა ვყოფილიყავი, ნამდივლად კი დამარცხებული ანგელოზი უფრო ვარ, რომელსაც დაუმსახურებლად უოველგვარი სიცოცხლე მოუსპე.“ აქ აშკარად იკვეთება ფრანკენშტაინის ბრალეულობაც, პასუხისმგებლობა აიღო სიცოცხლის შემქნაზე, შექმნა კიდეც, მიუხედავად ბევრი დეფექტისა, თუმცა ამის შემდეგ მოიშორა ყველა პასუხისმგებლობა და საკუთარი ,,ადამი“ გასწირა. თუ შექმნა , ბუნებრივია ბოლომდე უნდა ეპატრონა კიდეც, ან უბრალოდ ისევე წაერთმია მისთვის სიცოცხლე, როგორც თავიდან ,,სული შთაბერა“. თუმცა ეს სიცოცლის წართმევაც ძალიან პრობლემური თემაა, რომელზეც ბევრნაირად შეიძლება განვავითაროთ საუბარი. ჩვენ ვიცით რომ X-მა ბევრი უდანაშაულო ადამიანი მოკლა, თუმცა სასიკვდილო განაჩენის გამოტანა კი ვფიქრობ, არამართებულია. ეს შესაძლოა სიკვდილით დასჯის ფენომენად განვაზოგადოთ, მაგრამ შორს წაგვიყვანს ამაზე საუბარი და ამიტომ ჯობია უშუალოდ სიუჟეტს მივყვეთ. აი რას იძახის X ამ ყველაფერზე: ,, შენ მკვლელობაში მდებ ბრალს და შენ თვითონ კი სრულიად გულდამშვიდებით სიცოცხლეს გამომასალმებდი შენ მიერვე შექმნილ არსებას. ოჰ ქება-დიდება კაცთა მოდგმის უკვდავ სამართალს.“ მონსტრს სიკვდილით დასჯა ჩვეულებრივ მკვლელობის რანგში აჰყავს. მისთვის ყველა ის არგუმენტი, რომელიც სასიკვდილო განაჩენის გამოტანას ამართლებს ფარსია და ამიტომ ამბობს შემდეგ სიტყვებს: ,,ადამიანებო, რა უმეცარნი ხართ და თავი კი მოგაქვთ, ბრძენი ვართო! გაჩუმდით, თქვენ თავად არ იცით , რას ამბობთ.“ ამ სიტყვებიდან გამომდინარე ყველა დამეთანხმება, რომ X-ის ტრაგედია უკიდეგანოა. ის უბრალოდ საზოგადოების მსხვერპლია, რომელმაც ვერ აიტანა მასზე ფიზიკურად განსხვავებული ადამიანი. სხვათაშორის ფრანგი მწერალი ეგზიუპერი ბრწყინვალედ აფასებს ამ მოვლენას:მხოლოდ გული ხედავს კარგად, თვალს არ ძალუძს დაინახოს ის, რაც მთავარია და არსებითი."
ამრიგად, ავტორმა ბრწყინვალედ შესძლო გადმოეცა ფურცელზე იმ აქტუალური პრობლემების არსი, რომელიც გამუდმებით აწუხებდა მსოფლიოს, მიუხედავად იმისა, რომ მწერალი თვითონ იძახის ამავე ნაწარმოებში: ,, ქაღალდი უბადრუკი საშუალებაა გრძნობათა გამოსახატად.“ თუმცა ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ დავინახავთ, რომ ქაღალდი არც ისე უბადრუკი ყოფილა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.

Friday, November 21, 2014

რა უნდა ვიცოდეთ აზიმოვის ,,დაფუძნების" ტრილოგიის შესახებ?

    
    როგორც მოგეხსენებათ აზიმოვის ,,დაფუძნების“ ტრილოგიაზე საავტორო უფლებები შეიძინა HBO-მ და სერიალის გადაღებაც დაანონსდა. ამერიკული სერიალების ფანები ბევრი ვართ, მაგრამ წიგნებში ცოტა მოვიკოჭლებთ(მითუმეტეს სამეცნიერო ფანტასტიკას თუ ეხება). ამიტომაც გადავწყვიტე მოკლედ დავწერეო რას წარმოადგენს ეს წიგნი, რომ ზოგადი წარმოდგენა შეგვექმნას.
    ჯონათან ნოლანი რომ იქნება პროდუსერი ეს ჯერ კიდევ წინა კვირას გავიგეთ. ერთერთ ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ ამ წიგნით აღფრთოვანებულია. მიუხედავად იმისა, რომ პოპულარობა არ აკლია ნაწარმოებს, მისი სერიალად ქცევა არ იქნება ურიგოო.
    იდეაში წიგნი მართლაც შესანიშნავია. დიდი გავლენა იქონია ისეთ ცნობილ ხალხზე როგორიცაა დაგლას ადამსი, ჯორჯ ლუკასი... 1966 წელს ჰუგოს ჯილდოც მოიპოვა, როგორც ყველა დროის საუკეთესო ფანტასტიკა, რითაც თავის დროზე ,,ბეჭდების მბრძანებელს“ გადაასწრო. (მაშინ აზიმოვმა განცვიფრება ვერ დამალა, რადგან ეს კატეგორია კონკრეტულად ტოლკინის საპატივცემულოდ შექმენას)

    წიგნის შინაარსის მოყოლას ნამდვილად არ ვაპირებ. უბრალოდ უზოგადესად მინდა შევეხო თემატიკას და სამყაროს. მოკლედ, არსებობს ერთი დიდი გალაქტიკის იმპერია, რომელიც შედგება უთვალავი დასახლებული და დაუსახლებელი პლანეტებისგან. პირველივე ფურცლებზე შეხვდებით მნიშვნელოვან პერსონაჟს Hari Seldon - ს, რომელმაც ფაქტობრივად ახალი მეცნიერება დააარსა სახელად ფსიქოისტორია, რომლის მეშვეობითაც იწინასწარმეტყველა, რომ გალაქტიკის იმპერია დაეცემოდა და განადგურდებოდა. ეხლა რა არის ეს მეცნიერება. შედგება მატემატიკისგან და ფსიქოლოგიისგან. მათი ჰარმონიული ნაზავი იძლევა შესაძლებლობას მომავალი, თუნდაც ძალიან შორეული, მაქსიმალური სიზუსტით განსაზღვრო. ამ ტიპს ბევრი მომხრე და მიმდევარი ჰყავს. ხელისფულებას ეშინია რამე შეთქმულებას ხომ არ ამზადებს ჩვენს წინააღმდეგო, ამიტომაც დაიჭერენ და შესთავაზებენ გადავიდეს სხვა პლანეტაზე. უწყალობებენ ძალიან შორს, განაპირა მხარეს არსებულ პლანეტას, რომელსაც ტერმინუსი ჰქვია და იქ დაიწყებენ დაფუძნებას.

    აზიმოვი ამ ტრილოგიის დაწერისას შთაგონებული გახლდათ ედვარდ გიბსონის ისტორიული წიგნით, რომელიც ეხება რომის იპერიის დაცემას. გიბსონი რომის დაცემას აბარალებდა ძირითადად ქრისტიანობის აღზევებას, რამაც რომაელები მიწიერ საქმეებს მოსწყვიტა და ზეცისკენ დააწყებინა ყურება. აზიმოვის რელიგიის საკითხს დიდ ყურადღებას უთმობს თავის ამ ნაწარმოებში.
    ფსიქოისტორიის შესახებ აზიმოვი ერთერთ ინტერვიუში ამბობს: ,,მე მინდოდა გამეაზრებინა ფსიქოისტორია როგორც მეცნიერება. იდეაში ეს იყო ბრძოლა თავისუფალ ნებასა და დეტერმინიზმს შორის. ამასთან ერთად პარალელი მინდა გამევლო რომის იმპერიის აღზევებასა და დაცემასთან, მაგრამ გაცილებით უფრო დიდი მასშტაბებით გადმოვიტანე ეს ყველაფერი, კერძოდ კი, გალაქტიკაში.“
    ფსიქოისტორიის გამომგონებელმა Hari Seldon-მა თავის მიმდევრებს დაუტოვა მთელი რიგი სამოქმედო გეგმა, რომელსაც ტერმინუსის მოსახლეობა კეთილსინდისიერად მისდევს. პერიოდულად, დროუს კაფსულაში ეცხადება მმართვეებს ჰარი და კრიზისების დაძლევის გეგმებს სთავაზობს. ეს კრიზისები მას წინასწარ ნაწინასწარმეტყველები აქვს და გადაჭრის გზებიც მოფიქრებულია ფსიქოისტორიის დახმარებით.

    ქართულად სამწუხაროდ არ მოგვეპოვება თარგმანი. შეგიძლიათ რუსულად წაიკითხოთ... მე სიმართლე გითხრათ ვერ წარმომიდგენია სერიალი როგორ უნდა გადაიღონ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სამყარო არის უდიდესი, უამრავი პერსონაჟია და ბოლობოლო მოვლენების განვითარება სხვადასხვა დროებში ხდება. მაგრამ ისეთი კაცია ყველაფრის სათავეში დამშვიდების მიზეზი მეძლება. ამას დამატებული HBO-მ ითავე ეს საქმე. God Bless HBO!

    

Thursday, November 20, 2014

Red Skull Incarnate: კაცობრიობის შავ-ბნელი ისტორია კომიქსებში

   

    კომიქსის წაკითხვა, რომელიც ისტორიის სახელმძღვანელოებში მოცემულ ნაცისტურ ეპოქას ზუსტად აღწერს, ორმაგად საინტერესო უნდა იყოს. Red Skull Incarnate ზუსტად ასეთი გახლვათ! ვინ არის ეხლა ეს პერსონაჟი და რა ვიცით მის შესახებ ამ კონკრეტული კომიქსის წაკითხვის გარეშეც? მისი ნამდვილი სახელია Johann Schmidt, ვიცით რომ დედამისი მის მშობიარობას გადაჰყვა, მამამისმა თავი მოიკლა, შეიფარა ებრაელმა მაღაზიის გამყიდველმა და მისმა ქალიშვილმა, ხოლო შემდგომში თავად ჰიტლერმა დაიქირავა. დანარჩენი ისტორია კი შავი ლაქებითაა მოცული, სანამ ამ კომიქსს არ წავიკითხავთ.

    ჰიტლერის ფენომენს რომ ჩაწვდე კაცი ან თუნდაც ამ გამოგონილი პერსონაჟისა, დაგჭირდება მეორე მსოფლიო ომამდე არსებული ისტორიის სათანადო ცოდნა. კომიქსიც ზუსტად ამას ცდილობს - პერსონაჟებთან ერთად გადმოგვცეს ზუსტი ისტორიული ფაქტები და თარიღები. ვერსალის ხელშეკრულება გერმანიისთვის მომაკვდინებელი გახლდათ. საგარეო ვალებით ერთერთი უმდიდრესი ქვეყანა გაჩანაგდა და უღარიბესად გადაიქცა. ისტორიაში რომ არ გადავიჭრათ მოკლედ დავამთავროთ და დავიმახსოვროთ, რომ სწორედ ამ პერიოდში დაიბადა ,,რედ სკალი“. 9 წლის იოჰანი უპატრონო ბავშვთა სახლში ცხოვრობს, სადაც საშინელი პირობებია, საჭმელს იმდენს აჭმევენ საარსებოთ რომ იყოს საკმარისი. დირექტორი ცუდი ტიპია, მკაცრი, სადისტური გადახრებით. ყოველივე ამის გათვალისწინებით იოჰანი პირველივე შემთხვევას იყენებს, გარბის პანსიონიდან, სადაც ტოვებს მის ერთადერთ მეგობარს. (დითერი ჰქვია)
    

    ქუჩებში ყოველდღიური შეტაკებებია ნაცისტებსა და კომუნისტებს შორის. ძალადობა ყოველდღიურობის დამახასიათებელი ატრიბუტი გახდა. იოჰანშიც მწიფდება ეს ზიზღი და ბოღმა, უერთდება ნაცისტების პარტიას, იზიარებს მათ იდეოლოგიას, მაგრამ პარალელურად ნაცისტებსაც არ ინდობს და არც კომუნისტებს. აბსოლუტურად განსხვავებული ტიპი ხდება, რომელმაც იცის თავისი შესაძლებლობების, მარტო თავისი თავის სჯერა და სურს რამე დიადი გააკეთოს გერმანიისთვის. ყველაფერზე მიდის რათა ჰიტლერს შეხვდეს, საჭირო დროსა და საჭირო ადგილას აღმოჩნდეს მის მხარეს. 
საბოლოოდ კი, ობოლო ბიჭუნა სოციოპატი მკვლელი ხდება.
    მიუხედავად იოჰანის ცუდი ტიპობისა, კომიქსი ისეა აგებული, რომ ზიზღს ვერ იგრძნობ პერსონაჟისადმი. 
    წმინდა ტექნიკის კუთხით ლამაზი კომიქსია წასაკითხად. მშვენიერი ნახატებით და ტექსტებით. დიდი ამბებია აღწერილი ისე, რომ არც კომიქსი და არც მისი ფურცლები
 პერსონაჟებითა არაა გადაჭედილი. ამას დამატებული სულ 5 თავია და მშვენივრად იკითხება დამწყებებისთვისაც!

Saturday, November 15, 2014

Pluto - ბენდი ნორვეგიიდან!

    Pluto გახლავთ ნორვეგიული ბენდი, რომელიც კლასიკურ როკს უბერავს. ჯგუფი 1980 წელს არის დაარსებული და ბევრი ინფორმაცია არ მოიპოვება მასზე. (ფაქტობრივად ნეტში ვერაფერი ვნახე უმშვენიერის ალბომის გარდა, რომელსაც Voyage Into Dreamers' Mind ჰქვია).
   ჯგუფზე განსაკუთრებით იგრძნობა გენეზისის და პინკ ფლოიდის გავლენა. თუ ძველ ალბომს ნახავთ მიხვდებით რომ ყველაფერი ორიენტირებულია აბსოლუტურად ინსტრუმენტების ოსტატობაზე. რაც შეეხება ჩვენს ეპოქას, ჯგუფის რეინკარნაცია მოხდა 2011 წელს ოღონდ ცოტა განსხვავებული სახელით Plut & The Planets, სადაც უკვე აქცენტი ვოკალზეა გადატანილი და ეს გოგო შესანიშნავად ართმევს თავს!  ეს ვიდეო გახლავთ ლაივ კონცერტი ოსლოდან, მუსიკა კიდევ ჯგუფის პირველი ალბომიდან გახლავთ, რომელზედაც ზემოთ ავღნიშნე.

                 პ.ს თუ 80-იანი წლების ალბომი გაინტერესებთ იცით სადაც უნდა მომწეროთ. 
ც ხ    ვვ

Friday, November 14, 2014

კნუტ ჰამსუნი- მისტერიები (მიმოხილვა)


ავტორი: გიორგი წერეთელი
დღეს მინდა ვისაუბროთ სენსაციური მიმდინარეობის- მოდერნიზმის კიდევ ერთი ღირსეული მწერლის, კნუტ ჰამსუნის შემოქმედებაზე(კერძოდ ,,მისტერიებზე). ნორვეგიელ მწერალს, რომელსაც ჩემი აზრით, მართლაც დამსახურებულად მისცეს ნობელის პრემია ლიტერატურის ჟანრში, საკმაოდ უცნაური და ტრაგიკული ცხოვრება ჰქონდა გადატანილი, რამაც საბოლოოდ სერიოზული დაღი დაასვა მის მწერლურ სულს და შესაბამისად მის იდეოლოგიაზეც გარკვეული გავლენა იქონია. სწორედ მისი ორიგინალური ხედვები სამყაროში არსებული მოვლენების მიმართ, ვფიქრობ, ნაწილობრივ პირადი გამოცდილებისა და მოვლენების განსჯის შედეგი უნდა იყოს. მოდერნისტული იდეოლოგიის გავლენის ქვეშ მყოფმა უფრო ღრმა წიაღსვლები გააკეთა ამავე იდეოლოგიის ფარგლებში(რომელიც უსაზღვროა), კერძოდ, მის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და ბუნდოვან ნაწარმოებ ,,მისტერიებში“  აშკარად იგრძნობა ეგზისტენციალისტური ფილოსოფიის სერიოზული ნიშნები, რომლებზეც ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ.( ამ ფილოსოფიის სრულყოფილი სახე გვაჩვენა რამდენიმე ათეული წლის შემდეგ ფრანგმა გენიოსმა ალბერტ კამიუმ)
სათაურის წაკითხვისთანავე მკითხველს გაუჩნდება ისეთი განწყობა, რომ წიგნში აუცილებლად შეხვდება ბევრ მისტერიებით მოცულ მოვლენებს, რომელთა ლაბირინთიდან თავის დაღწევა დიდ ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა აქ მინდა ერთ რამეს გავუსვა ხაზი, რომ სიუჟეტური თვალსაზრისთ, ნაწარმოები ძალიან ბანალური და მარტივია, მოვლენები მკაცრი სიზუსტით მივყება ერთმანეთს და ამ მხრივ უჩვეულო არაფერია, კერძოდ კი ერთი უცნაური ადამიანი,იოჰიმ ნაგელი, რომლის წარმომავლობასაც ვერ ვგებულობთ, ჩამოდის ნორვეგიის ერთ-ერთ პატარა ზღვრისპირა ქალაქში და ადგილობრივ სასტუმროში ჩერდება. ადამიანი, რომლის უცნაურობა მრავალ ასპექტში გამოიხატება: ვიოლინოს ჩემოდანი, რომელშიც სინამდვილეში სხვა ნივთებია, გაურვკეველი წარმომავლობა და მიზნები, თითქოსდა ხშირ შემთხვევაში დაბნეული და ყოვლად ალოგიკური მოქმედებები ამ პერსონაჟის უცნაურობის ხაზგასმაა. სწორედ მწერლის ამ გადაწყვეტილებაში, რომ მთავარი მოქმედი პირის ერთი გარკვეული თვისების გამოკვეთით გახადოს პერსონაჟი პოპულარული, ჩანს კიდევ ერთი ნიუანსი, რომელიც ნეორომანტიზმის(ესეც მოდერნიზმის ერთ-ერთი ,,იზმია“) აშკარა ნიშანია(და სწორედ ჰამსუნი მოიაზრება ამ მიმდინარეობის ერთ-ერთ უსერიოზულეს ფუძემდებლად).
თუმცა, მოდით ახლა თავი გავანებოთ უშუალოდ მწერლის ეპოქისეულ აღწერას და დავუბრუნდეთ ჩვენს საიდუმლოებით მოცულ ნაგელს. იგი ერთ მშვენიერ დღეს, მწერლისავე თქმით  ,,სრულიად მოულოდნელად გამოჩნდა ამ პატარა ქალაქში, მოსახლეობა, ენა ვერ იტყვის, ისე ააფორიაქა და შემდეგ ანაზდად გაუჩინარდა“. ნაგელის ეს გამოჩენა, ვფიქრობ, არ იყო შემთხვევითი, ნაგელი ამ ქალაქში აუცილებლად უნდა მოსულიყო გარკვეული მესიანური მიზნებით, თუმცა მისი ამ ქალაქში წინასწარგანზრახული ჩამოსვლა, ვერ გამოვრიცხავ, რომ თავად ნაგელმაც არ იცოდა.( ამ მესიანურ მიზნებზე თანდათანობით მოგახსენებთ). ნაგელის ეს ,,შემთხვევითი მარშუტი“ ქალაქში უკვე დადგეგმილი იყო არაცნობიერის დონეზე, ინტუიციის დონეზე, რომელიც ნაგელს საოცრად ჰქონდა განვითარებული. გავიხსენოთ აქ ის მომენტი, როცა ჩვენი გმირი სასტურმოში შედის და მეპატრონეს ეუბნება, რომ აქ ოდესღაც აფთიაქი უნდა ყოფილიყოო, მიუხედავად იმისა, რომ ამის დასკვნა არანაირი დედუქციური, ინდუქციური თუ სხვა მეთოდით იყო შეუძლებელი. მეპატრონეც ამ ინფორმაციას ადასტურებს. ამას გარდა ნაგელს ინტუიცია არ ღალატობს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პერსონაჟის, მაიცას(რომელზეც აუცილებლად ვისაუბრებთ ქვემოთ) სახელის გამოცნობისას, კერძოდ როდესაც პირელად დაინახა , მაშინვე რაღაცამ უკარნახა რომ ამ კაცს გრეგორდი ერქვა და აღმოვაჩენთ, რომ ამ მაიცას ნამდვილი სახელი გრეგორდია. მკითხველის გადასაწყვეტია ის ფაქტი, თუ როგორ ჩათვლის ნაგელის ამ ,,ჯადოქრობას“, უბრალო ინტუიციად, ექსტრასენსობად, მისტიკად თუ სხვა რამე აბსტრაქტულ მოვლენად.
ვფიქრობ, საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ნაგელი გარკვეული სახის ურთიერთობებს ამყარებს ქალაქში ყველაზე მნიშვნელოვან(ნაწარმოების შინაარსის მხრივ) ხალხთან. სანამ ამ აზრს განვავრცობდე, მინდა დავაზუსტოთ ერთი რამ, კერძოდ ამ ნაწარმოებში ძალიან ბევრ რამეს ჭირდება მეტაფორული ანალიზი , თუ გვინდა, რომ რამე შთაბეჭდილება დაგვრჩეს წიგნში არსებულ იდეებზე და აზრზე. ნაწარმოებში მწერალი მეტყველებს ე.წ. მისტერიების ენაზე, რომლის აღქმა მეტაფორული აზროვნების გარეშე შეუძლებელია. ახლა კი ნაგელის ადამიანებთან ურთიერთობას დავუბრუნდეთ. სასტუმროში შესვლისას, ნაგელი გაიგებს ახალგაზრდა კაცის მიერ თავის მოკვლაზე(დანით ვენების გადაჭრაზე) და უფრო კარგად გამოკითხვის შემდეგ გებულობს, რომ ამ კაცმა თავი მოიკლა იმის გულისთვის, რომ ერთმა ლამაზმა ქალბატონმა უარი უთხრა სიყვარულზე და ამის გამო, ამ ქალის დანითვე გადაიჭრა ვენები(თუმცა ადამიანთა გარკვეული კატეგორია ამას უბედურ შემთხვევად მიიჩნევდა). ეს ქალი იყო დაგნი ჰელანი, რომლის სილამაზე მართლა განთქმული იყო ამ ზღვისპირა ქალაქში. ესე იგი, პირველი ადამიანი, ვისზეც ნაგელს წარმოდგენა შეექმნა იყო, ქალი, რომლის ფიზიკურ მონაცემებს ძალუძდა ადამიანის ჭკუიდან გადაყვანა და სიკვდილიც კი და რახან პირველი წარმოდგენა დაგნიზე ასოცირდებოდა სიკვდილთან, ადრე თუ გვიან, თუ დადგებოდა ჟამი, რომ ნაგელს მოუწევდა გაეწყვიტა ყველანაირი ფიზიკური თუ სულიერი კავშირი ამ ქალთან, სიკვდილის ფენომენი აუცილებლად შეახსენებდა თავს და ეს მართლაც ასე მოხდა.
რახან დაგნიზე ჩამოვარდა საუბარი, ბარემ რამდენიმე სიტყვა ამ ადამიანზე ვთქვათ. ეს ქალი იყო ერთი შეხედვით ძალიან მორცხვი და გრძნობას აყოლილი ადამიანი, თუმცა პირადი მიზნების გამო შეეძლო ყველაფერზე წასულიყო. აი თუნდაც იმ ახალგაზრდას თვითმკვლელობის მაგალითი ავიღოთ, დაგნიმ კარგად იცოდა რომ ეს მის გამო მოხდა, თუმცა თავს ოდნავადაც არ თვლიდა დამნაშავედ, მისთვის ნაგელის სიმპათიაც ერთი დიდი სისულელე იყო და ამ ფაქტს ირონიულად უყურებდა. აშკარა იყო, რომ ცვლაებადი ბუნებისა და ხასიათის მატარებელი იყო, ვერც კი გაიგებდი მოსწონდა თუ არა სერიოზულად ვინმე მამაკაცი. ნაგელის შემთხვევაში თითქოს იკვეთება რამდენიმე მონაკვეთი, რომელმაც შეიძლება გვაფიქრებინოს მათ შორის გრძნობის სერიოზულობაზე, თუმცა საბოლოოდ დაგნი ამ დამოკიდებულებასაც არაფრად აგდებდა. სწორედ დაგნი ჰელანთან ურთიერთობისას იკვეთება ავტორის ეგზისტენციალისტური ხედვა ცხოვრების მიმართ, კერძოდ, როცა ნაგელი უკვე გრძნობს რომ არაფერი გამოვა ამ ქალთან, ის საკუთარ თავს ეკითხება თუ რა აზრი აქვს ცხოვრებას? რა აზრი აქვს სხვის სიყვარულს? რა აზრი აქვს ვინმეს დახმარებას? ამ კითხვებს სხვამს მაშინ, როცა უკვე ძალიან ბევრ ადამიანს დაეხმარა როგორც მატერიალური ასევე სულიერი კუთხით. საინტერესოა, ისეთი ადამიანი, როგორიც ნაგელია ასეთი დილემის წინაშე რომ დადგა. ეტყობა დეპრესიული ტალღა იმდენად ძლიერი იყო, რომ ნაგელმა დაკარგა ყოველგვარი რწმენა მატერიალური და არამატერიალური სამყაროს მიმართ. სწორედ ეს ნიჰილისტური დამოკიდებულება იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ საბოლოო ჯამში ნაგელი სუიციდით ამთავრებს თავის ცხოვრებას. თუმცა, აქ სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორებიც იყო, რომლემბაც თითქოსდა აიძულა ნაგელი ეს ყოვლად ამოუცნობი ნაბიჯი გადაედგა და რა იყო ეს ფაქტორები, ქვემოთ მოგახსენებთ.
ამ ფაქტორების ამოსაცნობად გვჭირდება გავიხსენოთ ორი ძალიან მნიშვნელოვანი პერსონაჟი ამ ნაწარმოებში. პირველი ეს არის მაიცა და მეორე ქალბატონი მარტა გუდე. ზემოთ უკვე ვახსენე, რომ ნაგელი შემთხვევით არ ჩამოსულა ამ ქალაქში და მას ქვეცნობიერის დონეზე ჰქონდა ერთგვარი მესიანური მისია, კერძოდ, უნდა მოესპო ქალაქში არსებული ორი უდიდესი უკიდურესობა, რომლებიც ორ პერსონაჟში იყო განაწილებული. მაიცაში ერთიანდებოდა ღირსებაშელახულობა, ღირსებადაკარგულობა, რომელთა მიღმაც იმალებოდა საოცარი თანაგრძნობისა და თავმდაბლობის უნარი, თუმცა საერთო ჯამში ეს ოთხი თვისება ატარებდა ერთ ანომალიურ ხასიათს, რომელიც მაიცას ქმედებებს დროგამოშვებით ამაზრზენ იერსახეს აძლევდა. ნაგელმა სწორედ ამის გამო, პრინციპულად დაიჭირა მაიცასთან ახლოს ურთიერთობა, რათა გაეთავისუფლებინა ეს კაცი ამ მანკიერი მხარეებისგან, აღედგინა მისთვის ღირსება, ოღონდ ისე, რომ ამ თავმოყვარეობის აღდგენას არ მოყოლოდა უეცარი ამპარტავნება. აქ მე ვერ გამოვრიცხავ იმ ფაქტს, რომ ნაგელი მაიცაში შესაძლოა უყურებდა საკუთარ თავსაც, ოღონდ ერთგვარ ანტიპოდს, კერძოდ დამახინჯებულ ვარიანტს, რადგან მაიცას დადებითი თვისებები, თუ კარგად დავაკვირდებით, ძალიან გავს ნაგელისას. ნაგელიც ხომ სიუჟეტიდან გამომდინარე აშკარად თავმდაბალი, ,,სიკეთე აკეთე დაფარულში“ ტიპის ადამიანი ჩანს. ოღონდ როგორც კი მისი თავმდაბლობის დაფარულობას საფრთხე დაემუქრებოდა, მაშინვე ცდილობდა რამეთი ისეთი წარმოდგენა შეექმნა საზოგადოებისთვის, თითქოს სრულებითაც არ იყო მსგავსი ტიპის ადამიანი, ანუ ყოველთვის ცდილობდა საზოგადოების თავში ყოფილიყო გაცილებით უარესი, ვიდრე სინამდვილეში იყო. ამით ის თავისი კეთილ ნამოღვაწარს დაფარულში ტოვებდა. აქ მინდა გავიხსენოთ ის მომენტი, როდესაც უკვე ნაგელი წყალში გადახტომას აპირებს და ამ დროს მაიცა შეაჩერებს. ნაგელი როგორც კი მაიცას სახეს შეხედავს, მაშინვე მის წარმოდგენაში იგი გადაიქცევა რაღაც ურჩხულად, ერთგვარ შემაკავებელ ძალად და რაოდენაც არ უნდა გაგიკვირდეთ , სინდისადაც კი, რათა ეს სუიციდი არ ჩაიდინოს. ნაგელს მაიცას ეს მოქმედებაც ამაზრზენად ეჩვენება და რაღაც წარმოუდგენელი შიში ეუფლება. საინტერესოა რითია გამოწვეული ეს ენით აღუწერელი შიში? ამის ადეკვატურად გასაგებად, გავიხსენოთ ის მომენტი, რომ ნაგელი უკვე დაგნის გამო სულით ხორცამდე ნიჰილიზმის მსხვერპლია, ვერც კი წარმოუდგენია, კიდევ თუ არსებობს ამ ქვეყნად პატივისცემა, თანაგრძნობა და თავგანწირვის უნარი, ხოლო მაიაცას სახით მან როდესაც ეს ყველა დადებითი გრძნობა დაინახა გაშიშვლებული, ამას დაემატა იმის ანალიზიც, რომ რამდენიმე ხნის წინ ამ გრძნობების მოტრფიალე იყო თავადაც, ვეღარ აიტანა სინამდვილე, ვეღარ აიტანა მაიცაში(როგორც სარკეში) დანახული საკუთარი თავის ერთ დროს დაკარგული თვისებები და წყალში გადაეშვა.
თუმცა ვფიქრობ, რომ მის ამ საქციელს მხოლოდ ზედაპირულად შეიძლება ვუწოდოთ თვითმკვლელობა, თორემ რომ დავუკვირდეთ, შესაძლოა ამას არც კი ჰქონდეს თვითმკვლელობის სახე. კარგად გავიხსენოთ ნაგელის რკინის ბეჭედი. წიგნიდან ჩანს, რომ ამ ბეჭედს გააჩნდა რაღაც მაგიური ძალა, ამ ბეჭედის დაკარგვის შემდეგ კი მის პატრონს უბედურება ეწვეოდა. თუმცა ესეც შეიძლება მეტაფორის რანგში ავიყვანოთ, აქ მნიშნველოვანია ის მომენტია, რომ ნაგელს სწამდა ამ ბეჭდის ძალის. მისი ეს თუნდაც ცრურწმენა, ერთგვარი რწმენა იყო, თან ისეთი ძლიერი, რომ მთელი ძალით ჰქონდა შესისხლხორცებული. თუ გავიხსენებთ სახარებიდან უფლის სიტყვებს, იქ კარგად წერია : ,,თუნდაც იოტისოდენა რწმენა გაგაჩნდეთ, მთებს გადადგამდითო“.( მნიშვნელოვანია ის მომენტი რომ საუბარია ზოგადად რამის რწმენაზე.) შესაბამისად ნაგელს ეს რწმენა, თუნდაც უსულო საგნის მიმართ, ჰქონდა. ხოლო ბეჭდის დაკარგვის(უფრო სწორად ძალით დაკარგვის, ანუ წყალში გადაგდებას ვგულისხმობ. ესეც ერთგვარი სიმბოლო შეიძლება იყოს, ანუ ვერ გამოვრიცხავ, რომ ნაგელს სურდა ცრურწმენებისგან გათავისუფლება, თუმცა რამდენად შეძლო, ეს სხვა საკითხია) შემდეგ ნაგელს მისი რწმენიდან გამომდინარე ჯეროდა, რომ მას საშინელება ელოდა, ამან განაპირობა მისი ე.წ. პლანეტალური მასშტაბის შიში, ამას დაემატა ის დეპრესიული ტალღები, რომლებზეც ზემოთ ვისაუბრეთ და ამ ფაქტორების ზემოქმედების გამო, ფაქტობრივად აფექტის მდგომარეობაში ნაგელი ღებულობს სუიციდის გადაწყვეტილებას.
რახან რამდენიმე აბზაცის ზემოთ დავიწყე საუბარი ნაგელის მიერ ორი უკიდურესობის განკურნებაზე , რომლებიც ორ პერსონაჟში იყო თავმოყრილი, ბარემ მეორე პერსონაჟზეც მოგახსენებთ ჩემს აზრს. ეს ადამიანი იყო მარტა გუდე. ამ ქალში თავმოყრილი იყო არასრულფასოვნების კომპლექსი, საკუთ თავში ჩაკეტილობა, საკუთარი გრძნობების ვერ გაზიარება, უკიდურესი მორიდებულობა, რომელიც ღუპავდა საბოლოო ჯამში მარტას. ამ ქალბატონისადმი ნაგელის დამოკიდებულება ყველას კარგად მოგეხსნებათ, ჯერ მარტო იმ ,,ძვირადღირებული“ ავეჯის შესყიდვის მომენტი რად ღირს. ნაგელმა წარმატებულად შესძლო, რომ მარტა დაეახლოვებინა საზოგადოებისთვის და არასრულფასოვნების კომპლექსისთვის დაეძლია. ძალიან უცნაურად მეჩვენება ის მომენტი, როცა ნაგელი ამ ქალბატონს ხელს თხოვს, თავდაპირველად მარტა თანხმდება, თუმცა მეორე ნახვაზე უარს ეუბნება. რამ განაპირობა ეს ყველაფერი? ვითომ ნაგელს ნამდვილად უნდოდა მასთან გაეტარებინა მთელი სიცოცხლე თუ ეს მხოლოდ პროვოკაციული შეტევა იყო მარტაზე, რათა გაეღვიძებინა მასში მაიცას მიმართ მოწონება(სიყვარული????), რომლის აღიარება თითქოსდა არ უნდოდა. არ ვიცი, ზუსტი აზრი ნამდვილად არ გამაჩნია ამ ფაქტის თაობაზე, ძალზედ ბუნდოვანებითაა მოცული ნაგელის ეს გადაწყვეტილება, ისეთივე ბუნდოვანებით, როგორც მისი უცნაური, სიზმარ-ცხადში გადამხდარი ამბები, რომლებსაც დროგამოშვებით უყვებოდა ქალაქის მაცხოვრებლებს. ეს სიზმრებიც სიმბოლურ დატვირთვას ატარებს, ერთგვარ სიუჟეტურ წინასწარმეტყველებადაც კი შეიძლება ჩაითვალოს, თუმცა ზუსტი ახსნა კი, ვფიქრობ, შეუძლებელია.

ბოლოს კი მინდა დავასრულო იმ ადამიანის სიკვდილით, რომელიც პირველივე აბზაცებში ვახსენე, კერძოდ იმ თეოლოგის, კარლსენის, გარდაცვალებით, რომელმაც ვენები გადაიჭრა დაგნის გამო. იყო კი კარლსენი სიუჟეტურად დამოუკიდებელი პიროვნება? თუ უბრალოდ რომელიმე პერსონაჟის განსახიერება, წარსული ან თუნდაც მხატვრული რეიკარნაციაა? ბუდნოვანებით მოცული კარლსენი, მასზე არაფერი იცოდა არც ქალაქის მოსახლეობამ და ვერც მკითხველი გებულობს რამეს. მისტერიით დაფარული კარლსენი, ვის შეიძლება ჰგავდეს ასეთი დახასიათების მქონე ადამიანი? არ გგონიათ, რომ კარლსენს რაღაც კავშირი შეიძლება ჰქონოდა ნაგელთან? ორივე ამოუცნობი პიროვნება, ორივე სუიციდის მსხვერპლი და თუ დავუკვირდებით, თვითმკვლელობის საერთო მიზეზის მატარებლები, კერძოდ როგორც კარლსენის ბარათზე აღმოჩენილი სიტყვები გვეუბნებიან : ,,დაე, ფოლადიც ისეთივე მსახვრალი იყოს, როგორც შენი საბოლოოდ ნათქვამი ,,არა“ ‘’. ჩემი თხოვნა იქნება გავამახვილოთ ამ ბოლო ოთხ სიტყვაზე ყურადღება. ვიცით, რომ კარლსენის შემთხვევაში ეს ,,არა“ ეკუთვნის დაგნის, თუმცა ესეც საკითხავია, იყო თუ არა ეს წერილი დაგნის მიერ სიყვარულზე უარის თქმისკენ მიმართული? რომელი ვარიანტიც არ უნდა იყოს სწორი, ანალოგიური სიტუაციაა ნაგელთანაც. ნაგელს, ფაქტობრივად, ბოლო მოუღო იმ ,,არამ“, რომელიც გაჟღერდა ჯერ დაგნის მიერ, ხოლო შემდეგ მარტა გუდეს მიერ. ამით იმის თქმა მინდა, რომ ვერ გამოვრიცხავ, რომ ნაგელს რაღაცა კავშირი ჰქონდეს კარლსენის სიკვდილთან, ან თვითონ კარსლენთან, ან ბოლოს და ბოლოს, რა საფუძველი გვაქვს ვივარაუდოთ, რომ კარლსენის მხატვრული სახე არ აერთიანებს თავის თავში მისტერიებით მოცულ ნაგელს?

Friday, November 7, 2014

Seventh Wave - Eversolightly



    ბრიტანული ფსიქოდელიური როკია, რომელიც შეიქმნა 70-იან წლებში ერთ-ერთი მუსიკალური ჯგუფის დაშლის შემდგომ. ყოფილი წევრებიდან ორი ადამიანი გაერთიანდა, რომლებსაც საკმაოდ ნორმალური ნამუშევრები გამოუვიდათ. ეს ტიპები არიან: Ken Elliot და Kieran O'Connor. 
    თავიდან ლონდონის ერთ-ერთი პაბში დაიწყეს დაკვრა, რომლის ფლობელი, სხვათაშორის, ჯეტრო ტალის ბასისტი Glen Cornick გახლდათ. კლავიშებიანი და დასარტყამი ინსტრუმენტების გაერთიანებით მიიღეს ალბომი ,,Things to come", სადაც ლირიკა მხოლოდ 4 კომპოზიციას აქვს. ეს კომპოზიციაც ამ ალბომიდან გახლვათ. ჯგუფს დიდი ხანი არ უარსებია, ჯგუფის წევრებს ერთმანეთთან კარგი დამოკიდებულება არ ჰქონდათ, ამიტომაც მალევე დაიშალნენ.
    საინტერესოა ჯგუფის სახელის ისტორია. იმ პერიოდში ძალიან პოპულარული იყო ფილმი ,,პაპილონი", რომელშიც დასტინ ჰოფმანი და სტივენ მაქუინი თამაშობენ. ამ ფილმში ერთი ტიპი ზის ციხეში, რომელიც მიტოვებულ კუნძულზე მდებარეობს და აქვს გაქცევის გეგმაც: ზღვაში ელოდება მეშვიდე ტალღას, რომლის დახმარებითაც უნდა გაქიცეს კუნძულიდან. (მეშვიდე ტალღა ზღვაში ყველაზე დიდ ტალღად ითვლება). სწორედ აქედან შეარჩიეს სახელი Seventh Wave ანუ მეშვიდე ტალღა. ,,ზღვის ნაპირზეც კი გავდიოდი ხოლმე და ტალღებს ვითვლიდი" - ამბობს ერთერთ ინტერვიუში Ken Elliot.
    

მიგელ დე სერვანტესი - დონ კიხოტი (მიმოხილვა)

ავტორი: გიორგი წერეთელი

მე-17 საუკუნე. აღორძინების ეპოქა ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება. რენესანსის ძლევამოსილების პირველადმა ეფექტმა უკვე ძალა დაკარგა და ხალხიც ჩვეულებრივ მდორე ცხოვრებას მიყვება. თუმცა, უნდა ვაღიაროთ რომ ეს ხალხი უკვე ახალი ტიპის ადამიანები არიან. რენესანსმა თავისი გასაკეთებელი გააკეთა და ხალხს ახალი კუთხით დაანახა სამყარო. კერძოდ, ადამიანის როლი წინ წამოჭრა და დაანგრია აწ უკვე დამყაყებული აზროვნება სარაინდო ეპოსებზე. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ვნებათაღელვა ჩვეულ კალაპოტში ჩადგა, აღორძინების ეპოქამ უკანასკნელად მაინც მოიქნია კუდი და მის წიაღში დაიბადა ისეთი ნაწარმოები, რომელიც მსოფლიო დონის კლასიკად იქცა და ნებისმიერ ეპოქაში თავის სათქმელს იტყვის- ეს არის მიგელ დე სერვანტესის ,,დონ კიხოტი“. ამ დიდებულ ნაშრომში წამოჭრილი პრობლემები დღესაც ისევე აქტუალურია, როგორც ეს თავის დროზე იყო, რადგან ,,დონ კიხოტის“ ფილოსოფია დგას ისეთ საკითხებზე, რომლებიც ამ ცვალებად სამყაროში მუდამ უცვლელი რჩებოდა და დარჩება კიდეც.
დავიწყებ იმით, რომ თავის დროზე, როდესაც ეს ნაწარმოები დაიწერა, ის იდეაში უნდა ყოფილიყო, როგორც ზემოთ ვახსენეთ, სარაინდო ეპოსების შარჟი. ამ ნაწარმოებმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ დამთავრდა ის ეპოქა, როცა პიროვნება თავის ღირსებას ძალით და იარაღის გამოყენებით იცავდა, ადამიანი გადავიდა ახალ განვითარების საფეხურზე, რომელსაც შესაბამისად ,,ღირსების დაცვის“ ახალი კრიტერიუმები გააჩნდა. ფიზიკურად მებრძოლი ადამიანი ტრანსფორმირდა გონებრივად მებრძოლ ადამიანად(და ეს ტრანსფორმაცია მოგვიანებით მოდერნიზმმა დააგვირგვინა). თუმცა, ამ პროგრესის შეთვისება ვერ მოხდა არამატერიალური ფასეულობების დაკარგვის გარეშე, ამ ტრანსფორმაციასთან ერთად, ვფიქრობ, ადამიანებმა დაკარგეს რამდენიმე მნიშვნელოვანი ღირებულება. ევროპულმა ინტელიგენციამ ვეღარ შესძლო იმ ფასეულებების დაცვა, რაზეც იდგა მაშინდელი სახელმწიფოები თავიანთი ისტორიითა თუ კულტურით, მათ დაკარგეს ნდობა სამართლისადმი, სიკეთისადმი, ოპტიმიზმისადმი, მათ ეს თემები ისე მიივიწყეს, თითქოს არც არასდროს არსებობდა. სწორედ ამ გრძნობების საბოლოო განადგურების საფრთხე დაინახა ბრწყინვალედ სერვანტესმა და დონ კიხოტის ფენომენის შექმნით,  გარდა იმისა, რომ სარაინდო ეპოსებს სარკასტული იერსახე მისცა, კვლავ ჩაუსახა ხალხს იმის სურვილი, რომ აღედგინათ აწ უკვე კარგა ხნის დავიწყებული სამართლიანობა. დღეს დონ კიხოტის ეს სამართლიანობისათვის მებრძოლობა გაცილებით უკვე ადვილად შესამჩნევია, ვიდრე იმ ეპოქაში, როცა ეს ნაწარმოები დაიწერა, რადგან წიგნის ყველაზე ობიექტური შემფასებელი არის არა ადამიანი, არამედ დრო. თუ იმ მკაცრ ,,ცენზურას“, რასაც ჟამთასვლა ჰქვია, ნაწარმოები გადაურჩა და ხალხმა არ დაივიწყა, ესე იგი ეს ნაშრომი ღირებული ყოფილა. დონ კიხოტი თავის თავში მოიაზრებდა იმ ცნებების დაცვას, რომლებიც კაცობრიობის გაჩენის დღიდან არსებობს, ეს არის სიკეთე, სამართლიანობა, თავდაჯერებულობა იმისა, რომ ადამიანს შეუძლია მცირედით მაინც შესცვალოს მომავალი უკეთესობისაკენ.
ეს ზემოთ ხსენებული იდეები, რომლებიც ,,დონ კიხოტში“ იკვეთება  21-ე საუკუნეში  განსაკუთრებით აქტუალური ხდება. მიმაჩნია, რომ პოსტმოდერნიზმის ეპოქაში(რომელსაც საფუძველი დაუდო აქამდე არნახული მსოფმხედველობათა მატარებლმა მიმდინარეობამ-მოდერნიზმმა), როცა მასობრივად მიდის კულტურული თუ სულიერი ღირებულებების გაუფასურება, ტიპური ნიჰილისტური დამოკიდებულების აღზევება,  ‘’დონ კიხოტობა“ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რათა არ აღმოცენდეს ის საფრთხე, რაც თავის დროზე, როგორც ზემოთ ვახსენეთ, სერვანტესმა დაიანახა ანუ იმის თქმა მინდა, რომ დღევანდელობაში ,,დონ კიხოტობა“ (ოღონდ არა ფანატიზმში გადასვლა) უფრო დადებითი თვისებაა, ვიდრე უარყოფითი.
ახლა უშუალოდ ცოტა სიუჟეტურ ანალიზზე გადავიდეთ. მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ ნაწარმოებში სახელოვანი ,,რაინდის“ უცნაურ ქმედებებს ახსნა რომ მოვუძებნოთ, საჭიროა ცოტა მეტაფორული აზროვნება გამოვაღვიძოთ. ჩვენი იდალგო მთელი ცხოვრების განმავლობაში კითხულობდა ისეთი ტიპის ლიტერატურას, რომლის პოპულარობა კარგა ხნის დაკარგული იყო, თუმცა ამ პოპულარულობასთან ერთად დაიკარგა ის ღირებულებებიც, რომლებიც ზემოთ ვახსენეთ, შესაბამისად ამ ,,პოპულარობადაკრგული“ წიგნების წაკითხვით, მან აღიდგინა ის სულისკვეთება, რომელიც პოპულარობასთან ერთად მიეცა დავიწყებას. სწორედ ამის გამოძახილია ის უცნაური და ერთი შეხედვით სასაცილო ქმედებანი, რაც დონ კიხოტს უკავშირდება. ქარის წისქვილებთან ბრძოლა და ფუნდუკის მშვენიერ სასახლად აღქმა, უდავოა, რომ მხოლოდ დონ კიხოტის რომანტიკული ბუნების(შეიძება ფანატიკური ბუნებისაც) გამოვლინება იყო, თუმცა სხვა მოქმედებანი, რომელიც გულისხმობდა ჩაგრულთა გამოსარჩლებასა და სუსტის შეწევნას, ეს ტიპური რაინდული სულის მატარებელი ადამიანის ქმედება იყო და არა ვინმე შლეგი პიროვნების. დონ კიხოტს ჰქონდა თავისი სამყარო, რომლის თავისებური ფორმირება ახალისებდა გმირს კეთილი საქმეების გაკეთებისთვის, ანუ სამყაროს ეს რომანტიკული ხედვა თვითმოტივაციისა და თვითრეალიზების ერთ-ერთი საშუალება იყო.
არ შეიძლება დონ კიხოტზე ვისაუბროთ და არ აღვნიშნოთ მისი ,,საჭურველთმტვირთელისა“ და განუყოფელი მეგობრის, სანჩო პანსას მხატვრული იერსახე. სანჩო იყო ერთადერთი ადამიანი, ვინც დონ კიხოტს თავის უცნაური ახირების დროსაც კი მხარში ამოუდგა და ერთგულად ემსახურა მთელი ცხოვრება. მასთან ერთად გადაიტანა ყველა ის კურიოზი თუ უბედრუება, რაც ,,ფათერაკებით“ აღსავსე გზაზე გადახდათ თავს. სანჩო ნამდვილად შეგვიძლია განვაზოგადოთ როგორც ჰუმანისტურ და ხალხური სიბრძის იდეად. ის იყო ხოლმე დონ კიხოტის უსაზღვრო ფანტაზიისთვის მოთოკვის საშუალება, რომელიც არ აძლევდა საშუალებას ,,ბატონს“ რომანტიკოსობიდან ფანატიკოსობაში გადასულიყო. სანჩოს ფენომენი ნამდვილად არანაკლებ საინტერესოა, ვიდრე დონ კიხოტის.

საინტერესოა ასევე დონ კიხოტის თავგადასავალი მთლიანობაში, რომელიც ერთგვარ ცხოვრებისეულ გზადაც შეგვიძლია ჩავთვალოთ. ჩვენ თუ კარგად დავუკვირდებით, შეგვიძლია შევამჩნიოთ რომ ამ მოგზაურობის განმავლობაში, დონ კიხოტი ნელ-ნელა უფრო და უფრო ვითარდება იდეოლოგიური ასპექტით. თავდაპირველად, დონ კიხოტის რომანტიკულ ბუნებაში, როგორც ზემოთ ვახსენეთ, აშკარა იყო ფანატიზმის ნიშნებიც, ანუ რეალობას მთლიანად მოწყვეტის საშიშროება, თუმცა ნელ-ნელა დონ კიხოტში საოცარი ცვლილებები მოხდა. ეს უკიდურესი რომანტიზმი შემცირდა, თუმცა არ შემცირებულა ის სულისკვეთება, რომლებიც ნამდვილ რაინდული სულის მქონე პიროვნებას ახასიათებდა. ანუ ფაქტობრივად მოხდა უპრეცენდენტო მოვლენა, განვითარება ყოველგვარი რეგრესით. თუმცა საბოლოო განვითარებამდე და როგორც ავტორი იძახის, ,,გონებიდან ბურუსის გაყრამდე“ იყო ერთი აუცილებელი ფაქტორი, რაც აუცილებლად უნდა მომხდარიყო. ეს იყო სიკვდილის პირისპირ წარდგენისას მოცემული არამიწიერი ძალა საკუთარი თავის უკეთ შეცნობისთვის. მოგეხსნებათ, რომ სიკვდილის პირას მყოფი ადამიანის ხედვა სამყაროზე კოლოსალურად იცვლება, ის გაცილებით უკვე დაფიქრებული და საღად მოაზროვნე ხდება, ვიდრე ეს სიცოცხლეში იყო. ამ აზრის სისწორეზე ბევრი ნაწარმოები დაწერილა: კარლოს ფუენტესის ,,არტემიო კრუსის სიკვდილი“, მოდერნიზმის პიკად წოდებული ნაწარმოები ,,ვერგილიუსის სიკვდილი“, რომლის ავტორია ავსტიელი გენიოსი ჰერმან ბროხი. ეს ნაწარმოებები კარგად აღწერენ მომაკვდავი კაცის ფსიქოლოგიასა და სამყაროს ხედვას. სწორედ სიკვდილის პირას მყოფობამ საბოლოოდ გარდაქმნა დონ კიხოტი თითქმის იდეალურ ადამიანად, ანუ დაუბრუნდა რეალობას და ამის მიუხედავად დარჩა მაინც სიკეთის ქმნადობის ერთგულ კაცად. მან საკუთარი ,,მე“ აღიდგინა და დონ კიხოტობიდან გარდაიქმნა ალონსო კიხანოდ, ანუ იმ რეალურ პიროვნებად, რომლადაც დაიბადა. მან ბოდიში მოიხადა თავისი სიშლეგისთვის და ზიარებამიღებული მშვიდად წავიდა იმ ქვეყნად. 

Thursday, November 6, 2014

The Walking Dead ,,Slabtown" - მიმოხილვა

    ამ სერიით როგორც იქნა გავიგეთ თუ რა დაემართა ბეტს ბოლო სეზონში. მეც და ალბათ უამრავ მაყურებელს ეგონა, რომ ბეტი გაბრიელთან აღმოჩნდებოდა(პასტორი), მაგრამ როგორც ამ სერიალს ახასიათებს ისევ ,,იმედები გაუცრუა" ყველას. სინამდვილეში ბეტი აღმოჩნდა ატლანტაში, რომელიღაც მიტოვებულ სავაადმყოფოში, სადაც პოლიციელების დიქტატურაა დამყარებული. იქ მცხოვრებმა ხალხმა კი თავისუფლებას საკვები და სამედიცინო დახმარება არჩია. (ვერ გაამტყუნებ :დ) პატარა მონათმფლობელური გარემოა შექმნილი, სადაც ყველა სუბიექტს თავისი მოვალეობა გააჩნია. მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში უბრალოდ უსარგებლო საგნად გადაიქცევი და შენი მოკვლაც ლეგიტიმური ხდება.
    ახალი გმირი Noah: წესიერი ტიპი ჩანს, რომელიც მონობას არ ეგუება და გაიქცევა კიდეც. რატომღაც მგონია, რომ ბეტის წასაყვანადაც დაბრუნდება.
    ახალი გმირი Dawn: ცუდი ტიპია. კარგი იქნებოდა მიშონის ხმლებს მალე თუ დააგემოვნებს.
    რაც შეეხება ბეტს. ბევრს იმედი გაუცრუვდა ამ სერიით, რადგან ბეტი იყო მთავარი მოქმედი ფიგურა, რომლის სისუსტეც და რბილი ხასიათიც შეუფერებელია იმჟამინდელი დედამიწისთვის. ვფიქრობ, დროა გამოვემშვიდობოთ ამ გმირს. მის მარილზე გასვლას სავარაუდოდ შემდეგ სერიაში ვიხილვათ. დავისვენებთ ჩვენც და დერილიც. როგორც ყოველთვის ერთი ინტრიგა სერიის ბოლოს უნდა იყოს. არც ეს სერიაა გამონაკლისი. ბოლოს ვუყურებთ საკაცით როგორ შემოჰყავთ ქეროლი საავადმყოფოში...
    მეტი რა უნდა ვთქვა არ ვიცი. არ ყოფილა განსაკუთრებული ეპიზოდი, ცოტა მოსაწყენიც იყო. იდეაში არც შემდეგი კვირაა გამონაკლისი. თუ ამ პრომოს დავუჯერებთ რიკს და მის ჯგუფს ვერც მომავალ ეპიზოდში ვიხილავთ:

   

Wednesday, November 5, 2014

ერიკ-ემანუელ შმიტი - ნოეს შვილი (მიმოხილვა)


ავტორი: გიორგი წერეთელი

დღეს მოდით ვისაუბროთ თანამედროვე ფრანგ მწერალზე(და არა მარტო მწერალზე) ერიკ-ემანუელ  შმიტზე. შმიტი თანამედროვე მწერლობაში ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ადამიანია. ვისაც მისი წიგნები წაგიკითხავთ, აშკარად შენიშნავდით, რომ მოცულობით ისინი ძალიან პატარაა, ადვილად წასაკითხი და შესაბამისად, ადვილად გასაგებიც. მას არ აქვს ძალიან ღრმადფილოსოფიური საკითხების ფილოსოფიური განხილვისკენ მიდრეკილება, ცდილობს, რაც შეიძლება მარტივი ენით დაწეროს და სათქმელიც, რომელიც ხშირ შემთხვევაში ძალიან საინტერესოა, ადვილად მიაქვს მკითხველამდე. ეს ყველაფერი კი განაპირობებს მისი წიგნების ძალზედ პოპულარულობას, რადგან მართლაც საინტერესო ნაწარმოებს კითხულობ მარტივად, ყველანაირი ზედმეტი გადაძაბვის გარეშე, წიგნში არსებული სიუჟეტიც და ქვეტექსტიც , ადვილი გასაგებია, რაც სერიოზული ფილოსოფიური ნაშრომის ათვისების შემდეგ განტვირთვის მშვენიერი საშვალებაა. ცალკე თემაა თუ საერთო ჯამში რამდენად ღირებულ ნაწარმოებებს წერს ეს მწერალი, ეს ალბათ მკითხველის გადასაწყვეტია, რადგან როგორც უმბერტო ეკო ,,ვარდის სახელში“ საუბრობს, ,,მწერალი დაწერისთანავე უნდა მოკვდეს და ნაშრომი მკითხველს დაუტოვოს სამსჯელოდ.“ ფაქტი კი, ვფიქრობ, ერთია- შმიტი ძალიან კარგად მიუხვდა თანამედროვე მკითხველთა უმეტესობის გემოვნებას და შესაბამისად წერს მარტივ, ფილოსოფიური წიაღსვლებიდან დაცლილს, მაგამ სამაგიეროდ უაღრესად ემოციური შინაარსის მქონე ნაწარმოებებს.
დღეს შევეხები ჩვენი ფრანგი მწერლის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ წიგნს ,,ნოეს შვილს“. როგორც დანარჩენი სხვა ნაწარმოებები, ესეც არ გამოირჩევა დიდი ფილოსოფიური თემებისადმი მიძღვნილი აზრებით, თუმცა მკითხველში ნამდვილად აღძრავს ემოციებს. სანამ სათაურის ახსნამდე მივალთ, რომელიც საკმაოდ მარტივია, მანამდე სიუჟეტური ხაზი მინდა წარმოვიდგინოთ. სიუჟეტი მოიცავს, ჩემი აზრით, აწ უკვე გაცვეთილ პერიოდს- მეორე მსოფლიო ომს. ძალიან ბევრი მწერალი ამ მოვლენიდან მოყოლებული დღემდე ვერ გასცდა ამ საყოველთაო ტრაგედიას, მუდამ წრეზე ტრიალებს და აღწერს მხატვრულად, არამხატვრულად, ისტორიულად, მეცნიერულად, ფსიქოლოგიურად, ფილოსოფიურად ამ მოვლენას. შმიტმაც ხელახლა მოინდომა ეჩვენებინა ამ ომის ტრაგედია, მაგრამ მწერლის რაც ყველაზე კარგ ჩანაფიქრად მიმაჩნია, არის ის, რომ შმიტმა ისიც აჩვენა, რომ ამხელა ტრაგედია შობს დიდი ადამიანებსაც, რომლებიც თავიანთი შემოქმედებით უტოლდებიან აწ უკვე გარდასული დროის გმირებს, ბიბლიურ მოღვაწეებს, საზოგადო მოღვაწეებს. ანუ მწერალმა აჩვენა ის, რომ ძნელბედობის ჟამსაც არ კვდება იმედი და სწორედ იმედის ამ ,,არმომკვდარობის“ მაგალითად მოჰყავს ასეთი გმირების მაგალითი.
ომის შუა ქარცეცხლია, ებრაელების მიმართ გაცხარებული ბრძოლა გერმანელების მიერ. ებრაელი ოჯახი იძულებულია თავისი მცირეწლოვანი ვაჟი- ჟოზეფი ჩააბაროს ქრისიტან მღვდელს, რომელსაც ერთგვარი პანსეონი აქვს გაკეთებული, სადაც ომის დევნილებს იფარებს, რომელთა შორის ძალიან ბევრი ებრაელია. ძალიან მალევე ჟოზეფსა და ამ მოსიყვარულე მღვდელს შორის საკმაოდ მტკიცე კავშირი შეიკვრება, დაახლოებით მამა-შვილური სიყვარულის მსგავსი. ჟოზეფიც მიხვდება, თუ რაოდენ დიდი ძალისხმევაა მღვდლის მიერ საჭირო მათ თავდასაცავად. სწორედ ამ ,,მიხვედრის“ პერიოდში შეუძლია მკითხველს მარტივად ამოიცნოს ნაწარმოების სათაური. ქრისტიანი მღვდელი, რომელსაც თავისი ცხოვრების ერთ-ერთ მიზნად ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენა ჰქონდა დასახული, ბიბლიური ნოეს მსგავს საქმიანობითაც იყო დაკავებული. იგი ცდილობდა ეპოქაში გავრცელებული ძალადობის, განუკითხაობისა და უსამართლობის წარღვნისგან ეხსნა ყველაფერი, რასაც საფრთხე ემუქრებოდა. ბუნებრივია ეპოქის ცვლასთან ერთად იცვლებოდა მსხვერპლი და შესაბამისად ის წარღვნის ტიპიც, რომელიც ,,მსხვერპლს“ წალეკვით ემუქრებოდა. მეორე მსოფლიო ომის დროს წარღვნისგან, რომელსაც მეორე ნარიად ნაცისტები ერქვა, უნდა ეხსნა ყველა და ყველაფერი, რასაც საფრთხე ემუქრებოდა, ყველა ლიტერატურული ნაშრომი, ენა და მუსიკა, რასაც გერმანელები დაბალი ერის გადმონაშთად რაცხავდნენ. 1945 წლის შემდეგ კი ერთი წარღვნა მეორე წარღვნამ შეცვალა, რასაც საბჭოეთის სულისკვეთება ერქვა, აი რას წერს შმიტი:
,,-დაუჯერებელია! ებრაული წიგნები აღარაა. გამაგებინეთ რა ხდება.(ჟოზეფი)
-ახალი კოლექციის შექმნა დავიწყე.(მღვდელი)
მამა პონსმა რამდენიმე წიგნის ყდას მოფერებით გადაუსვა ხელი. მათი დამწერლობა ჩემთვის გაუგებარი იყო.
-სტალინი საბოლოოდ ჩაკლავს რუსულ სულს. ამჟამად დისიდანტი პოეტების ნაწარმოებებს ვაგროვებ. ჟოზეფ, მე შენ არ გღალატობ. ებრაელებზე ზრუნვა ახლა შენ უნდა იტვირთო. ამიერიდან ნოე შენ ხარ!“
როგორც ხედავთ,  ეპოქისა და შესაბამისად მოცემული ეპოქის საფრთხეებთან ერთად იცვლება მამა პონსის ,,ნოესეული“ მისიაც. იგი ყოველთვის უნდა მდგარიყო გადაშენების პირას მყოფ საგანთა დაცვის სადარაჯოზე. აქ მინდა აღვნიშნო ერთი მომენტი. ჩემი აზრით, შმიტზე აშკარად იგრძნობა ამერიკული ლიტერატურის გავლენა, კერძოდ, ამერიკული ლიტერატურა ყოველთვის ოპტიმისტურად მთავრდება, ანუ გისახავს სიცოცხლის გაგრძელების სურვილს, რისგანაც ის ფუნდამენტურად განსხვავდება ევროპული ლიტერატურისგან, რომელშიც ბლომად ვხვდებით უკიდურეს ნიჰილიზმს. თუმცა ისიც საკითხავია რა იგულისხმება ,,ამერიკულ“ ოპტიმიზმში, რამდენად გამართლებულია ამგვარი ოპტიმიზმი, თუმცა ამაზე საუბარი თემას მოგვწყვიტავს. ეს ოპტიმიზმი იმიტომ ვახსენე, რომ ანალოგიურად, ამ წიგნსაც დასასრული ოპტიმიზმით აღსავსე აქვს, მამა პონსს უჩნდება მოვალეობის გამგრძელებელი ჟოზეფის სახით, რაც ადამიანებს იმის იმედს უტოვებს, რომ გარკვეულ ,,წითელ წიგნში“ შესატან ინდივიდებსაც გამოუჩნდებიან დამცველები, რომლებიც არაფერს დაიშურებენ მათ გადასარჩენად. აი როგორ მთვარდება ნაწარმოები: (მოვლენა ხდება ებრაელ-პალესტინელთა დაპირისპირების დროს, სადაც ებრალი და პალესტინელი ბავშვები ერთმანეთს ეჩხუბებოდნენ).
,,პატარა ჩხუბისთავები სხვადასხვა მიმართულებით დაიფანტნენ. დავიხარე, ძირს ბავშვების ჩხუბის დროს ჯიბეებიდან ამოცვენილი ნივთები ეყარა.ებრაულ ქიფასა და პალესტინურ თავსაბურავს დავავლე ხელი, ერთი მარჯვენა ჯიბეში ჩავიჩურთე, მეორე- მარცხენაში.
-         რას აკეთებ?- დაინტერესდა რუდი( ჟოზეფის მეგობარი)

-         კოლექციის შექმნას ვიწყებ!“

Tuesday, November 4, 2014

Gotham "Penguin's Umbrella" - მიმოხილვა

  
    გოთემის მეშვიდე სერია სახელწოდებით "Penguin's Umbrella", ალბათ ამ სეზონის ერთ-ერთ საუკეთესო სერიად დარჩება. რაც აქამდე ვიცოდით მოქმედ გმირებზე ეს მითები მთლიანად დაიმსხვრა და წარმოდგენები შეგვეცვალა. თუნდაც მონტოია და ალენის მაგალითი - მოკლედ კაი ტიპები აღმოჩნდნენ, პინგივინი გენიოსი აყვანილი კვადრატში გახდა. მხოლოდ ბარბარა დარჩა ქერა სულელ ლამაზმანად. 


    პინგივინის დიდებით შესვლამ პოლიციის შენობაში იხსნა ჩვენი დეტექტივები დაკავებისგან. თუმცა დაკავება აჯობებდა შემდგომ განვითარებულ მოვლენებს. პინგივინის გამოჩენა დონ ფალკონეს ყურებამდე მივიდოდა,

Avalon - Land Of Mordor

    გავაგრძელოთ ჩვენი აღმოჩენები და ერთ ცივ ქვეყანას გადავწვდეთ. კანადელები არიან, ოტავადან. ჯგუფს მხოლოდ ერთი ალბომი აქვს 1977 წელს გამოშვებული სახელწოდებით Voice Of Life.  ჟანრი: პროგრესივ როკი. ჩემი აზრით ძალიან გავს გენეზისს.
    Hobbits Machine Cannot Fale!

Sunday, November 2, 2014

დანტე ალიგიერი- ღვთაებრივი კომედია (მიმოხილვა)


ავტორი: გიორგი წერეთელი
საკმარისი ვახსენოთ სიტყვა ,,რენესანსი“, რომ მაშინვე თვალწინ წარმოგვიდგება მისი ,,აკვანი“ იტალია, აღორძინების ეპოქა და მნიშვნელოვანი ცვლილებები ხელოვნების ყველა დარგში. ლიტერატურამაც ნამდვილად დიდი ნაბიჯი გადადგა განვითარების მხრივ ამ ეპოქაში. კერძოდ, ადამიანებმა გადაწყვიტეს დაეწერათ არა მითოსურ და ლეგენდალურ გმირებზე, არამედ უბრალოდ მოკვდავებზე, რომლებიც წარმოადგენენ თითოეული ქვეყნის სახეს და სიძლიერეს.  აქტუალური გახდა უფრო კარგად შეესწავლათ მწერლებს უბრალო პიროვნების ბუნება, უფრო გაეშიშვლებინათ მისი პრობლემები და წარმოეჩინათ არა მხოლოდ ადამიანური სიდიადე, არამედ მისი ყველა მანკიერება, ცოდვა, რომლებიც თან სდევს კაცობრიობას ადამიანის დაცემის დღიდან. ამ საქმეში ბადალი არ ჰყავდა ბოკაჩოს, რომელმაც ყველანაირი მორიდების გარეშე აღწერა თუ რა დონეზე შეიძლება ჩავარდნილიყო ადამიანი ცოდვების ორომტრიალში, ხოლო ამ ცოდვებდატვირთული ადამიანის სამომავლო ცხოვრების აღწერის პასუხისმგებლობა კი დანტემ აიღო საკუთარ თავზე. მან პირველად დასვა კითხვა, იყო თუ არა ადამიანი იმაზე სასაცილო, უბადრუკი და არარაობა , ვიდრე თავად წარმოედგინა კაცობრიობის მოდგმას? იქნებ ყველა ის მიწიერი წადილი, რაც ,,ძლიერ ამასოფლისანთ“ ჩვევიათ, მხოლოდ და მხოლოდ ერთი პატარა მოძრაობაა უზენაესი გონის თვალში? სწორედ ეს კითხვები წამოჭრა ლიტერატურაში რენესანსის ერთ-ერთმა ფუძემდებელმა, დანტე ალიგიერმა და აღიარებაც მოიპოვა.
დანტეს ,,კომედიაში“, არსებობს სამი განზომილება, ჯოჯოხეთი(დღეს სწორედ ამ ნაწილზე გვექნება საუბარი), სალხინებელი და სამოთხე, რომელიც საკმაოდ ნიშანდობლივია. ჩემი აზრით, ის პირობითათ რეალობაშიც შეიძლება გადმოვიტანოთ და თეოლოგიური მსჯელობით იგი ადამიანის მიერ გასავლელ გზას განასახიერებს. კერძოდ, ჯოჯოხეთი შეიძლება ჩავთვალოთ ადამიანის მიერ გადასატან უცილობელ ტანჯვას ცხოვრებაში, ყველა იმ დაბრკოლებას და პრობლემას, რასაც იგი უნდა შეხვდეს და მონდომებისა და რწმენის შედეგად დაძლიოს. ამის შემდედ აუცილებლად უნდა მოხდეს ადამიანის სულიერი განწმენდა(სალხინებელი), ანუ გათავისუფლება ყველა ცოდვისგან, რომელიც ადამიანს საუკუნო დაცემას უქადის და ხელს უშლის მას განახორციელოს პიროვნული განახლება, მეტამორფოზა, რომელიც დანტეს სამოთხის სახით აქვს აღწერილი. სხვათაშორის, აქ მინდა გავიხსენოთ შოთა რუსთველის პოემიდან როსტევანისა და ავთანდილის ნადირობის სცენა. ერთი შეხედვით ეს უბრალო შეჯიბრია, რომელსაც საჯარო სკოლებში მარტივად ასწავლიან, თუმცა მისტერიების ენაზე კი გაცილებით ღრმა შინაარსის მატარებელია ეს ადგილი. როსტევანი, როგორც მოგეხსენებათ უკვე საკმაოდ მხცოვანი იყო, ფაქტობრივად ემზადებოდა ამ ქვეყნიდან ,,წასასვლელად“, ამიტომაც ნადირების ხოცვა ცოდვებისგან განსაწმენდი ერთგვარი რელიგიური რიტუალი იყო, რომელიც აუცილებლად უნდა შესრულებულიყო , რათა აღსრულებულიყო დანტესმიერი სულიერი განწმენდა. ბუნებრივია ეს მსგავსებები იქნებოდა ამ ნაწარმოებებს შორის, რადგან ვეფხისტყაოსანში აშკარად იგრძნობა აღორძინების ეპოქის პირველი ნიშნები, პირველი ინოვაციური იდეები და მსოფმხედველობები, რომლებიც მოგვიანებით გაჟღერდა, თუმცა ამაზე ლაპარაკი შორს წაგვიყვანს.
ალბათ დამეთანხმებით, რომ ,,ღვთაებრივი კომედიის“ ყველაზე საინტერესო ნაწილი ჯოჯოხეთში მოგზაურობაა, რადგან თვითონ ამ განზომილებაში მიმდიანრე პროცესებია უაღრესად ადამიანური ენით აღწერილი ანუ დანტემ თვით ბოროტების სამფლობელოში, სადაც იმედი ფაქტობრივად არ არსებობს, დაუშვა, რომ შესაძლებელია გარდაცვლილთა სულები ერთმანეთს დალაპარაკებოდნენ, თავიანთი განაჩენის მიზეზი აეხსნათ მოკვდავისთვის, რომელიც უაღრესად შოკირებულია იმ გარემოცვით, რომელშიც მოძრაობა უწევს. ძალიან კარგად არის სიმბოლურად გამოხატული ის სასჯელები, რომლებიც დაიმსახურეს გარკვეულ ცოდვაში ჩავარდნილმა ადამიანებმა, მაგალითად ტირანები და დიქტატორები, რომლებმაც თავის დროზე სისხლის მდინარეები ადინეს, ჯოჯოხეთში უკვე სისხლის ზღვაში ყრიან სასოწარკვეთილნი.  აქ აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დანტეს მეგზური მთელი თავგადასავლის განმავლობაში არის დიდი რომაელი პოეტი ვერგილიუსი, რომელსაც დანტე ძალიან დიდ პატივს სცემდა და როგორც რამდენიმე წყარო იუწყება, ალიგიერი ვერგილიუსს თავის ,,მასწავლებლადაც“ კი თვლიდა.
ჯოჯოხეთის დანტესმიერი ,,ადამიანურობა“ გამოსჭვივის იმ ფაქტიდანაც, რომ გარდაცვლილთა სულების გარკვეულ კატეგორიას არ დაუკარგავს იმის იმედი, რომ ოდესღაც ისინი კვლავ წარსდგებიან სამსჯავროს წინაშე, სადაც მათ შეეძლებათ სულის ცხონება. დანტეს ,,ჯოჯოხეთს“ ახასიათებს ის თავისებურებაც, რომ მასში იმავე ვნებები და სურვილები ბობოქრობს, რაც ამქვეყნიურ ცხოვრებაში- დედამიწაზე.  ზემოთ ადუღებულ სისხლში ჩაყრილი ტირანები ვახსენე და ამ სასჯელში(და არა მარტო) განსაკუთრებულება ის არის, რომ მიუხედავად სასტიკი წამებისა, მათ მაინც აქვთ ლაპარაკის თავი და მოკვდავ სულსაც ჩვეულებრივ ესაუბრებიან, რაც წესით და რიგით არ უნდა იყოს ლოგიკური.
ამასთანავე ჩვენ ჯოჯოხეთში მოგზაურობისას ვხვდებით ,,შეყვარებულ“ წყვილსაც, რომელსაც შესაძლოა თავიდან ყურადღებაც კი არ მივაქციოთ, მაგრამ სინამდვილეში, ჩემი აზრით, ამ ფაქტორს მნიშვნელოვანი სიმბოლური დატვირთვა აქვს. თეოლოგიური კუთხით რომ შევხედოთ, სიყვარული არის ყველაფერი-ანუ ღმერთი და შესაბამისად სადაც სიყვარულია, იქ ღმერთიცაა და პირიქით-სადაც ღმერთია იქ სიყვარულია. ჩემი აზრით, დანტემ ჯოჯოხეთში ამ შეყვარებულთა წყვილის ,,შემოტანით" ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ თვით ჯოჯოხეთის უკიდეგანო სიბნელეში, ჯურღმულებში და ტანჯვაშიც კი შეიძლება შევხდეთ სიყვარულს, ანუ ღმერთს. ამასვე ამტკიცებს ქრისტიანული დოგმატიკა, რომელიც ამბობს რომ ღმერთი ყველგანაა , მათ შორის ჯოჯოხეთშიც. დანტეს , ჩემი აზრით, ეს ჰქონდა გააზრებული და მისი ეს შეყვარებულობანა სწორედ ამას ეხმიანება.

ამრიგად დანტე მსოფლიო ლიტერატურის საგანძურის ერთ-ერთი უმნიშნველოვანესი წარმომადგენელია. ის იყო ერთ-ერთი უპირველესი მწერალი, რომელმაც ხაზი გაუსვა ადამიანის ფენომენის გაშიშვლების იდეას და თავდაყირა დააყენა იმ დრომდე არსებული ლიტერატურული სტანდარტები, რომელიც ნამდვილად უკვე მოძველებული იყო და ეპოქის ჩქარ ტემპს ვეღარ მისდევდა.
 

Celsius233 Copyright © 2010 | Designed by: Compartidisimo