Saturday, October 18, 2014

ვერგილიუსი- ენეიდა (მიმოხილვა)

ავტორი: გიორგი წერეთელი




ანტიკური ლიტერატურის უმნიშვნელოვანეს საგანძურში ძალიან ბევრია ისეთი პერსონაჟი, რომლის მიმართაც დღესაც არ ცხრება მეცნიერთა, ფილოლოგთა, სწავლულთა თუ უბრალო მკითხველთა ინტერესი. ეს ბუნებრივიცაა, რადგან ეს ნახევრად მითიური პერსონაჟები თავიანთ თავში( და თავგადასავალში) მოიცავდა ადამიანის ყველა იმ თვისებას, რომლებზეც დგას ადამიანური ღვთაებრივი ბუნება. უძველეს პერიოდში ყველა იმ სახელმწიფოს, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს იმდროინდელი მსოფლიოს ფორმირებაში, სურდა შეექმნა რამე ღირებული კულტურის და ხელოვნების დარგში, რამე ისეთი, რაც უკვდავყოფდა ამ ქვეყნის კულტურის, ისტორიისა თუ მსოფმხედველობის სახელს. ზოგი სახელმწიფო ამას ბრწყინვალედ ართმევდა თავს, ზოგი უბრალოდ ჩონჩხად იყენებდა აწ უკვე სხვა ქვეყანაში ჩამოყალიბებულ ეპიკურ ნაწარმოებებს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამით რამე აკლდებოდა ან აკლდება ასეთი ადამიანების შემოქმედებას.ვერგილიუსი, თავის უბრწყინვალესი თხზულება ,,ენეიდა“-თი, კი ამ უკანასკნელთა რიგს მიეკუთვნება. ეს ეპიკური ნაწარმოები რომის ძლევამოსილი იმპერიის უმნიშვნელოვანეს კულტულურ ძეგლად შეიძლება ჩაითვალოს.  თუმცა აღსანიშნავად მიმაჩნია ის ფაქტი, რომ ვერგილიუსმა აშკარად შეეცადა ერთ პოემაში მოექცია ჰომეროსის ორი ლეგენდარული ეპოსი - ,,ჰომეროსი“ და ,,ილიადა“. მართლაც, ,,ენეიდა“-ში შემავალი პირველი 6 თავი საწყალი ოდისევსის მსგავსად, სამშობლოდან გადაკარგული ენეასის თავგადასავალს მოგვითხრობს, თუმცა იმ განსხვავებით, რომ ენეასი სამშობლოში ვეღარ ბრუნდება, რადგან ის აღარ არსებობს, ანუ მოკლედ რომ ვთქვათ, ტროა დაცემულია. თუმცა ღმერთების ნებით ლეგენდალური გმირი თავის სამშობლოს იტალიის ტერიტორიაზე დააარსებს . ტროას დაცემიდან რამდენიმე დღით ადრე ენეასს გამოეცხადება აქილევსის მიერ მოკლული ჰექტორი და ეტყვის, რომ გასცილდეს აქაურობას და ტროას სახელის უკვდავსაყოფად დაარსოს ახალი სახელმწიფო, რომელიც დაფუძნებული იქნება ტროას წარსულზე და ისტორიაზე. პირველ 6 თავში , ყველაზე ამაღელვებელ მომენტად შეიძლება ჩაითვალოს ენასისა და დედოფალი დიდოს ურთიერთობა, რომელიც ძალიან დიდი ტრაგედიით მთავრდება. აქ ყველაზე კარგად ჩანს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იყო ლეგენდალური გმირისთვის ჰექტორისთვის მიცემული სიტყვა. თუმცა ეს მხოლოდ ვაჟკაცური სიტყვა არ ყოფილა. ეს აერთიანდებდა იმ სახელმწიფოებრივ მისიას, რომელსაც მომავალში რომის დიადი იმპერია ეწოდა. ენეასი იძულებული გახდა დედოფლის მიმართ არსებული სიყვარული გაეწყვიტა, რასაც საბოლოოდ ამ ქალის თვიმკვლელობა მოჰყვა. საკმაოდ რთული გადაწყვეტილება მიიღო ლეგენდალურმა გმირმა,  თუმცა როდესაც სასწორის ერთ პინაზე სახელმწიფოს ყოფნაარყოფნის საკითხი წყდება, იქ ალბათ ენეასეული გზის არჩევაა გამართლებული. ამ არჩევანზე კარგად სწერს თანამედროვე ქართველი მწერალი, ჯემალ ქარჩხაზე ნაწარმოებ ,,ზებულონში“: ,,ვინ მისცა ქვეყანას იმის ნება, ყველაფერი წაგართვას და არაფერი დაგიტოვოს?!“, თუმცა აქ ავტორი საკმარის მიზეზებს ასახელებს იმისა, რომ ქვეყანას, ჩვენდა გასაოცრად, ამის უფლება აქვს.  აქვე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ რომაული მითოლოგიური არსებების უმეტესობა იმეორებს ბერძნულ მითოლოგიურ არსებებს. მაგალითად ჰომეროსში არსებული ურჩხული ,,სცილა“ ვერგილიუსთანაც გვხვდება , ოღონდ ,,სკილას“ სახელით. აგრეთვე ის სიკვდილის მთესველი ურჩხულიც , რომელიც ფაქტობრივად სცილას გვერდითაა ,,ოდისეაში“ და რომლის საზარელი პირიდან ძნელია თავის დაღწევა, ყოველგვარი ცვლილების გარეშე წარმოგვიდგება ,,ენეადაში“. ეს იმის მანიშნებელია, რომ იმ ეპოქაში რომაული მითოლოგია ბერძნული მითოლოგიის ანალოგი იყო.სანამ უშუალოდ ,,ენეიდას“ მეორე ნაწილზე გადავიდოდე, მანამდე ერთ რამეზე მინდა გავამახსვილოთ ყურადღება. ანტიკურ ლიტერატურაში, თუ კარგად დავუკვირდებით, დიდი ყურადღება ექცევა გმირის მოგზაურობას მიწისქვეშეთში, სადაც აუცილებლად უნდა მოხდეს გმირის მომავლის წინასწარმეტყველება. ჰომეროსის ,,ოდისეას“ თუ გავიხსენებთ, ოდისევსი იძულებული ხდება ჰადესის ბნელ სამფლობელოს ეწვიოს და მაგიური რიტუალის საშუალებით(რომელშიც აუცილებელი ატრიბუტი სისხლია) გამოიძახოს გარდაცვლილთა სულთაგან ერთ-ერთი, კერძოდ ბრმა წინასწარმეტყველი, რომელმაც უნდა უწინასწარმეტყველოს მისი მომავალი. თითქმის ანალოგიურ სიტუაციას ვხვდებით ენეიდაშიც, სადაც ვერგილიუსი იძულებული ხდება ეწვიოს აჩრდილთა საუფლოს , შეხვდეს მამამისის სულს, რომელიც უწინასწარმეტყველებს ენეასს მომავალი რომის ბედ-იღბალს. ოდისეასთან მსგავსი ანალოგები ბლომადაა ვერგილიუსის ეპოსში, რაც საინტერესოს ხდის ნაწარმოებს.რაც შეეხება შემდეგ 6 თავს, ის იმეორებს ჰომეროსის ,,ილიადას“ სიუჟეტს, კერძოდ , ფაქტობრივად შეუჩერებელ ბრძოლებს იტალიკური მოდგმის ტომებთან. როდესაც ენეასი მიდის ლაციუმში(Latium), ანუ ლატინუსის სამფლობელოში, იგი ყველანაირად ცდილობს აირიდოს დაძაბული ურთიერთობა ადგილობრივებთან, ბუნებრივიციაა, ამდენი ტანჯვა-წამების შემდეგ მყისიერად ახალი ბრძოლის გაჩაღება ნამდვილად დამღლელია. თუმცა აქ ვითარებას ენეასის საწინააღმდეგოდ ცვლის ქალღმერთი იუნო(ბერძნულ მითოლოგიაში ჰერა), რომელიც ენეასზე და მის მოდგმაზე დაბოღმილი იყო. მისი გული არ დაკმაყოფილდა იმ განსაცდელით, რომელიც მოუვლინა ენეასს და მის გუნდს. ვერ შეეგუა იმ ფაქტს, რომ ენეასმა მშვიდობიანად გადალახა ,,მარილიანი წყლები“ და უვნებლად გადმოვიდა ხმელეთზე. ამიტომ მზაკვრული ხრიკებით ცდილობს აამხედროს ადგილობრივები ტროას გადარჩენილების წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ეს არ გაუჭირდებოდა ქალღმერთს და შესძლო კიდეც ადგილობრივების მმართველის, ტურნუსის დაყოლიება ტროელთა ლიდერის წინააღმდეგ გალაშქრებაზე.  ბუნებრივია, ენეასის ფსიქოლოგიაში ჩაირთო თვითგადარჩენის ინსტიქტი, ბოლოს და ბოლოს ჰექტორის დანაპირები ხომ უნდა შეესრულებინა? ასე სიკვდილი შეურაცხყოფდა როგორც ჰექტორის(რომლის სახელი ტროად შეგვიძლია განვაზოგადოთ), ასევე თავად ენეასის სახელს. ალბათ ამ დროს ენეასის გონებაში ამოტივტივდებოდა დედოფალი დიდოს სახე, მისდამი სიყვარული და თუ ის ახლა დაეცემოდა ბრძოლის ველზე, მაშინ ეს ყველა მსხვერპლის გაღება ხომ ფუჭი იქნებოდა. რა პასუხს გასცემდა იგი გარდაცვლილთა სულებს აჩრდილთა ქვეყანაში?! სწორედ ამის გამო, ლეგენდალური გმირი იძულებული გახდა დახმარება ერთხოვა ტურნუსის მოწინააღმდეგე ტომისთვის. ამას რა თქმა უნდა მოჰყვა ომი, რომელიც მალევე მთავრდება ენეასის გამარჯვებით. მკითხველს შესაძლოა ცოტა დაუმთავრებელი ნაწარმოების გრძნობა დარჩეს, რადგან ასე უცბად მთავრდება წიგნი,  მაგრამ ეს ბუნებრივია, რადგან ვერიგლიუსმა, გარდაცვალების წინ სთხოვა იმპერატორს რომ არ გამოექვეყნებია ეს ნაშრომი, რადგან მიაჩნდა, რომ ის დაუმთავრებელი იყო. მისი აზრით, ეპოსს ჭირდებოდა ბევრი შესწორება სიუჟეტურად, თუმცა სამწუხაროდ, ავტორს ეს არ დასცალდა.
ამ ყველაფრის მიუხედავად, უდავოა ის ფაქტი, რომ ვერგილიუსმა იმპერატორის ,,შეკვეთა“, კერძოდ ეპოსის შეთხზვა რომის იმპერიის წარსულზე , აწმყოსა და მომავალზე, ბრწყინვალედ შეასრულა.მისმა საოცარმა პიროვნებამ თავი შეგვახსენა მეოცე საუკუნეშიც კი, როდესაც ავსტრიელმა მწერალმა, ჰერმან ბროხმა შეთხზა საოცარი ნაწარმოები ,,ვირგილიუსის სიკვდილი", რომელიც თავისუფლად შეიძლება ჩაითვალოს მოდერნიზმის პიკად. ამ წიგნის წაკითხვით გაცილებით უფრო ღრმად შეიძლება ჩაწვდეს ადამიანი ლეგენდარული რომაელი მწერლის ბუნებას, რომელმაც ყველაზე კარგი გზა აირჩია იმპერატორის დავალების შესასრულებლად. ჰომეროსის ორი უბრწყინვალესი ეპოსის შერწყმით და ამ ჰარმონიულ ნაზავზე ახალი ელემენტების დამატებით მივიღეთ ახალი ნაშრომი, რომელიც ელინისტური და რომაული კულტურის გარდამავალი ეპოქის უმნიშვნელოვანეს ფრაგმენტად შეგვიძლია ჩავთვალოთ. 

0 comments:

Post a Comment

 

Celsius233 Copyright © 2010 | Designed by: Compartidisimo